„ეს ჩემი გზაა საქართველოში“ – ამ სლოგანით იწყებს Myway Airlines-ი უკრაინის კიდევ ერთ ქალაქში ოპერირებას. ხარკოვის შემდეგ ახალ ქართულ ავიაკომპანიას კიევის აეროპორტმა უმასპინძლა.
საინაუგურაციო რეისი 5 ოქტომბერს კიევის დროით 13:00 საათზე შესრულდა. წყლის ჭავლით მისალმების შემდეგ ქართველმა მფრინავებმა ხომალდიდან უკრაინის და საქართველოს დროშები გამოფინეს.
ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ბორისპოლის აეროპორტში შეკრებილ სტუმრებს საკუთარი გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ავიაკომპანიის მენეჯერის ნატალია სვილეს განცხადებით, თავდაპირველად ავიაკომპანია თბილისი – კიევი -თბილისის რეისებს კვირაში ორ სიხშირით შეასრულებს. ორშაბათს და პარასკევს, ხოლო 24 ოქტომბრიდან მესამე სიხშირე – ოთხშაბათიც დაემატება.
„კიევი ხარკოვის მერე მეორე ქალაქია, სადაც Myway Airlines-ი დაფრინავს, ჩემთვის სიმბოლურია, რომ ჩვენმა კომპანიამ მისი პირველი რეგულარული რეისი სწორედ უკრაინაში შეასრულა. თბილისიდან და ბათუმიდან რეგულარული ფრენები ხარკოვში ჯერ კიდევ ივნისის თვეში დაიწყო“- აცხადებს სვილე.
თბილისსა და კიევს შორის ფრენები ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე Myway Airlines-ი მომხმარებელს განსაკუთრებულ სერვისს სთავაზობს. ყველას ვისაც თხილამურზე სრიალი და ზოგადად სპორტი უყვარს დღეიდან საყვარელი სპორტული ინვენტარის თვითმფრინავით უფასოდ წაღება შეუძლია.
ბილეთის ფასში, 25 კილო ჩასაბარებელ ბარგთან ერთად 10 კილო ხელბარგი და კვება შედის. უგემრიელეს კერძებთან ერთად ქართული ავიაკომპანია მგზავრებს ქართული ღვინითაც მასპინძლობს.
Myway Airlines-ს დელეგაციაში, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
მხარეებმა კიევსა და თბილის შორის დამატებული ახალი რეგულარული ფრენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს სიახლე ორ მეგობარ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, საინაუგურაციო რეისს, საქართველოს გასაცნობად, უკრაინიდან ტურისტული სააგენტოების და მედიისგან შემდგარი 20 კაციანი ჯგუფი ეწვევა. საინფორმაციო ტურის მონაწილეები უქმეებს თბილისობის დღესასწაულზე გაატარებენ და ყაზბეგსა და გუდაურს მოინახულებენ.
Myway Airlines-ი საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა. ამჟამად ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებთან ერთად ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. კიევის შემდეგ რიგში რომი და ბუდაპეშტია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში Myway Airlines-ი ფრენებს 28 ოქტომბრიდან იწყებს.
ხელმისაწვდომი ფასები, მეგობრული და მომხმარებელზე მორგებული მომსახურება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და ეთიკური და სამართლიანი საქმიანობა – ეს Myway Airlines ოთხი უმთავრესი პრინციპია.