ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ჩარტერული რეისების მიმართულებით აქტიურდება. უკვე გადაწყვეტილია და ავიაკომპანია თბილისიდან ქუვეითის მიმართულებით განახორციელებს ჩარტერულ ავიარეისებს.
Myway Airlines-ის კომერციული დირექტორის იგორ აფციაურის განმარტებით, თბილისიდან ელ-ქუვეითის მიმართულებით ფრენები 5 ივნისიდან დაიწყება.
“ივნისიდან Myway Airlines-ი იწყებს ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას ქუვეითის დედაქალაქის, ელ-ქუვეითის მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება.
მინდა გითხრათ, რომ ამ მარშრუტზე მოთხოვნა დიდია. გვინდა, რომ ფრენები ჯერ ჩარტერული ავიარეისებით დავიწყოთ და შემდგომ გამოჩნდება რეგულარული ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა.
ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტზე ჩვენი ავიაკომპანიით გადაყვანილი მგზავრების 80%-ზე მეტი საქართველოში ჩამომსვლელი ქუვეითელი ტურისტები იქნებიან. საქართველოდან ქუვეითის მიმართულებით მოთხოვნა არის, თუმცა ამ ეტაპზე არც თუ ისე დიდი“, განმარტავს ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ქუვეითელი ტურისტების სტატისტიკა მართლაც მზარდია.
- 2018 წელი14 939 ტურისტი;
- 2017 წელი – 11 156 ტურისტი;
- 2016 წელი – 4 532 ტურისტი;
- 2015 წელი – 2 556 ტურისტი;
- 2014 წელი – 2 028 ტურისტი;
- 2013 წელი – 1262 ტურისტი;
აღსანიშნავია, რომ ელ-ქუვეითის მიმართულებით Myway Airlines-ი რეისებს ტურისტულ კომპანია Globel Holidays-თან თანამშრომლობით განახორციელებს.
რაც შეეხება Myway Airlines-ის სამომავლო გეგმებს, ივნისის ბოლომდე ავიაკომპანიის ავიაპაირკი მესამე boing 737 შეემატება და ამის შემდეგ ევროპულ მიმართულებებზე გეგმავს ოპერირების დაწყებას, რისთვისაც მოლაპარაკებები დაწყებულია.