Myway Airlines-ი კიდევ ერთ, ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. იტალია, უნგრეთის შემდეგ ევროკავშირის კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც ავიაკომპანია თბილისიდან პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს.

28 ოქტომბრიდან Myway Airlines-ი თბილისიდან რომის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას და ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს.

ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია და ერთი გზის ფასი  320 ლარიდან, ხოლო ორი გზა 633 ლარიდან ღირს. ფასი მოიცავს ბორტზე კვებას, 10 კგ ხელბარგს, 25 კგ ჩასაბარებელ ბარგს და ყველა მოსაკრებელს.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის Myway Airlines-ის ბილეთების შეძენა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზეც შესაძლებელია, სადაც მის რეალიზაციაზე Hahn Air Systems-ი ზრუნავს და სისტემაშიც სწორედ Hahn Air-ის სახელით იყიდება. ავიაკომპანიის მენეჯმენტი პირობას დევს, რომ Myway Airlines-ის წლის ბოლომდე საკუთარი საიტიც ექნება, სადაც ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყება. 

“Hahn Air-ი ეს არის ჩვენი ქოუჩერ პარტნიორი, რომელიც ჩვენთან ერთად ყიდის Myway Airlines-ის ავიაბილეთებს. ვიდრე საკუთარი გაყიდვების გლობალური სისტემა გვექნება Myway Airlines-ის ​ბილეთები Hahn Air-ს დახმარებით გაიყიდება. რაც შეეხება ჩვენს საიტს ის უკვე მზადაა, სატესტო რეჟიმშია და მალე სრულყოფილად გავუშვებთ და ონლაინ გაყიდვებს საკუთარი საიტიდანვე დავიწყებთ. ვმუშაობთ ასევე მობილური აპლიკაციის შექმნაზეც”, აღნიშნა Myway Airlines-ს კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა.

წლის ბოლომდე Myway Airlines-ის ​მენეჯმენტი კიდევ რამდენიმე ევროპული მიმართულების ამოქმედებასაც გეგმავს, რომელზედაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. Myway Airlines-ს კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ ახალი მიმართულებები შეთანხმების პროცესშია და მალე დაანონსდება კიდეც. აფციაური აცხადებს, რომ არსებულ მიმართულებებზე მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში სიხშირეები აუცილებლად გაიზრდება.

“ზამთრის სეზონზე სიხშირეები შედარებით ნაკლებია. ცხადია ზაფხულის სეზონზე მგზავრთნაკადი უფრო მეტია და ამიტომ ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ იმუშავებს ეს მიმართულება და გამორიცხული არ არის, რომ ზაფხულის სეზონზე მინიმუმ 1 სიხშირე დაემატოს.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფრენები იყოს ხელსაყრელი ყველასათვის. ბუდაპეშტიც და რომიც ტურისტებზე გათვლილი მიმართულებებია. შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მეტი ტურისტი მოვიზიდოთ იტალიიდან და უნგრეთიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია. ჯერჯერობით ჩვენი გათვლებით, საწყის ეტაპზე მეტი მგზავრი იქნება საქართველოდან”, აღნიშნა იგორ აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოდან (ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან) რომის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს.