2018 წლის ფინანსურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ავიაკომპანია Myway Airlines-ი განცხადებას ავრცელებს, რომლის საშუალებითაც კომპანია განმარტავს, რომ დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა, რომლის მედიის საშუალებით გავრცელდა კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, რაც „უარყოფითად მოქმედებს ავიაკომპანიის იმიჯზე და შეცდომაში შეჰყავს ჩვენი ერთგული მომხმარებელი.
„Myway Airlines-ი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას 2018 წლის ფინანსური შედეგების შეფასების შესახებ, თითქოს ავიაკომპანიაში ფინანსური შეფასების საფუძველზე დამოუკიდებელმა აუდიტმა ეჭვი შეიტანა კომპანიის მდგრადობაში. საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ აუდიტის დასკვნის ციტირება წარმოდგენილია კონტექსტიდან ამოვარდნილად და არასრულად, რაც უარყოფითად მოქმედებს ავიაკომპანიის იმიჯზე და შეცდომაში შეჰყავს ჩვენი ერთგული მომხმარებელი.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბიზნესი სრულად საზოგადოების ნდობაზეა დამყარებული, მსგავსი დისკრეციული მიდგომა ერთეული პირებისა თუ კომპანიების მხრიდან ხელს უშლის კომპანიის განვითარებას. შესაბამისად, ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ განმარტებები და საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
წარმოგიდგენთ სრულ ციტატას აუდიტის დასკვნიდან:
„… აღნიშულ საკითხზე განმარტებები მოცემულია განმარტებითი შენიშვნების მე-3 განყოფილებაში.
3. ფუნქციონირებადი საწარმო
ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია იმ დაშვებით, რომ „კომპანია“ წარმოადგენს ფუნქციონირებად საწარმოს და უახლოეს პერიოდში არ იგეგმება მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
განვლილ პერიოდში საწარმო ფინანსურად ზარალიანი იყო (დაგროვილმა ზარალმა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 53 612 ათასი ლარი).
აღნიშული ზარალის ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ საწარმომ ოპერირება დაიწყო 2017 წელს. პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა ძირითადი საშუალებების , მათ შორის საჰაერო ტრანსპორტის შეძენა და ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ ეტაპზე, უშუალოდ წარმოების გარდა გაწეული იქნა ადმინისტრაციული, სარეკლამო და სხვა ხარჯები, რამაც გამოიწვია უარყოფითი ფინანსური შედეგები.
2018 წელს მართლია დაიწყო ფრენები, თუმცა ბუნებრივია პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდა სრული სიმძლავრით დატვირთვა. პარალელურად ბაზარზე შეღწევის ეტაპზე მაღალია რეკლამის და მიწოდების სხვა დანახარჯები.
რეალურად საავიაციო ბიზნესში არანაკლებ პირველი სამი წელი არარენტაბელურია, რაც ბუნებრივია კომპენსირდება შემდგომ პერიოდში… “
ავიაკომპანია ჯანსაღად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და დგამს აქტიურ ნაბიჯებს იმისთვის რომ ფეხი აუწყოს საავიაციო ბაზარზე არსებულ გამოწვევებს. კომპანიამ შეცვალა კომერციული პოლიტიკა და განვითარების სტრატეგია, რაც გვჯერა დადებითად აისახება ჩვენს მომხმარებელზე. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ ავიაკომპანიამ ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის დაამატოს ახალი მიმართულებები და შექმნას საინტერესო პროდუქტები, რომლებიც ერთგულ მომხმარებელს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს.
გვჯერა, რომ მომსახურების მაღალი სტანდარტი და უსაფრთხო ავიაკომპანიის დამსახურებული იმიჯი, რომელიც Myway Airlines-მა მცირე დროის მონაკვეთში მოიპოვა, იქნება საძირკველი, მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე, რომელიც არამარტო კომპანიას არამედ ჩვენს ქვეყანას – საქართველოს მოუტანს მნიშვნელოვან შედეგს“, აღნიშნულია Myway Airlines-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, Myway Airlines-ის მენეჯმენტი საუბრობს იმ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ ჩინური ინვესტიციით, საქართველოში დაფუძნებულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა 2018 წელი -40,875,472 ლარის ზარალით დაასრულა. სტატია იხილეთ სრულად აქ: