მთავარი ავიაკომპანიები Myway Airlines-ი ევროპის მიმართულებით ფრენებს იწყებს

Myway Airlines-ი ევროპის მიმართულებით ფრენებს იწყებს

162

ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ევროპის მიმართულებით ფრენების შესასრულებლად ემზადება. მიმართულებებს, რომელსაც ახალი ქართული ავიაკომპანია შეასრულებს, უახლოეს მომავალში დაანონსებს .
არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (TCO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ახალ ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ზე საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა. ავტორიზაციის საფუძველზე, ავიაგადამზიდავს უფლება მიენიჭა ერთი ცენტრალიზებული ნებართვით ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში.
ავიაკომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ნებართვა ადასტურებს, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი სრულად შესაბამისობაშია საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს სტანდარტებთან. ევროპულ საავიაციო ბაზარზე ოპერირება Myway Airlines-ის კიდევ ერთი მიღწევაა, რომელიც ქვეყნაში ტურიზმის, ეკონომიკის და ავიაკომპანიის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ავიაკომპანია, უკვე წარმატებით ასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბათუმი-თბილისის, თბილისი-ხარკოვი-თბილისისა და ბათუმი-ხარკოვი-თბილისის მიმართულებებით. ავიაკომპანია ასევე სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს ჩარტერულ რეისებს, როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან.
რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია თბილისი-თელავივი-თბილისის მიმართულებითაც იწყებს, რომელიც კვირაში სამი სიხშირით: ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია საინაუგურაციო რეისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, თელ-ავივის ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს შეასრულებს.
სრული მომსახურების მქონე ავიაკომპანიის ავიაპარკი Boeing-737 ტიპის ორი თვითმფრინავით არის წარმოდგენილი, მესამე თვითმფრინავს კომპანია ივლისის დასაწყისში, მეოთხეს კი დეკემბერში დაამატებს.
ემ ეტაპზე ავიაკომპანიაში 150-მდე ადამიანია დასაქმებული, მარშრუტების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. ავიაკომპანია სრულად ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.
Myway Airlines-ის მენეჯმენტს საწყის ეტაპზე განვითარების 3 ეტაპიანი სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში კომპანია რეისებს თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც განახორციელებს. კომპანიის მიზანია, გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ჰაბის ფუნქცია დაუბრუნოს.