მუმბაი აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი და დელის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ჰაბია ინდოეთში, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი. მისი თქმით, ინდური ავიაკომპანია IndiGo-ს მიერ თბილისის მიმართულებით უკვე მეორე მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს საქართველოში მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მოზიდვას.
„მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo მეორე რეგულარულ მიმართულებას ამატებს საქართველოში. კერძოდ, 2 აგვისტოდან პირდაპირი ფრენები დაიწყება მუმბაი – თბილისი – მუმბაის საჰაერო ხაზზე. ავიარეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია IndiGo გასულ წელს 75 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. წელს, მხოლოდ ექვს თვეში კი ამავე მიმართულებით 56 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. მუმბაი აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი და დელის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ჰაბია ინდოეთში. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს საქართველოში მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მოზიდვას, ასევე გააადვილებს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას როგორც ინდოეთის, ისე აზიის სხვა მიმართულებებით“, – აცხადებს გივი დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo, თბილისის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას, ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან – მუმბაიდან შეასრულებს.
ავიაკომპანიის მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, მუმბაი – თბილისი – მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება. რეგულარული ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია IndiGo-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.
IndiGo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2023 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია ფრენებს დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე ასრულებს და გასულ წელს ამავე მიმართულებით მიმართულებით 75 034 მგზავრს მოემსახურა.












