ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიიჩნევს, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სრულყოფილად აღდგენამდე “ლოუქოსტერებისათვის” საქართველოს მიმართულებით ოპერირება წამგებიანი იქნება. ნათია თურნავა ამბობს, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ და ერთხელ.

“Wizz Air-ი და Ryanair-ი ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იმას ნიშნავს, რომ მათ რომ დაბალი ფასები შეინარჩუნონ, ფრენების გარკვეული მინიმალური რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ და ერთხელ, ეს მათ ბიზნესმოდელს ვერ შეინარჩუნებს მდგრადად, წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის.

მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება.

10-ზე მეტი მიმართულება გვქონდა ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული, ეს ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ძალიან დიდ ნაკადს ადამიანების.

ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიოც როცა იქნება და ის ქვეყნებიც, საიდანაც ისინი გვთავაზობენ ფრენას, ჩვენ ამას დავუშვებთ”, – განაცხადა თურნავამ.