“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, დაახლოებით ათი დღის წინ გამართულ “ქართული ოცნების” ეკონომიკურ საბჭოზე, სადაც საზოგადოების ზეწოლის შედეგად ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს, ქვეყანაში შემოსვლა-გასვლის მაქსიმალურად გართულება გადაწყდა.
კანდელაკის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ამ სხდომაზე “ქართულმა ოცნებამ” ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაინც დაუწესდეთ ანტიკონსტიტუციური კარანტინის მოთხოვნა, მაშინაც კი თუკი ისინი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხუთ „გამწვანებულ“ ქვეყანაში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ამავე სხდომაზე “ქართული ოცნების” ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს საზღვრები არ გაიხსნას ჩვენი ტურიზმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნებისთვის როგორიც პოლონეთია.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტრომ ავიაკომპანია Wizz Air-ს, რომლის ამუშავებას იმედის თვალით შეყურებს ათასობით ჩვენი ბიზნესი და ტურიზმზე დამოკიდებული ადამიანი განსაკუთრებით ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოში – არაოფიციალურად განუცხადა რომ ის არჩევნებამდე ვერ იფრენს გერმანიასა და საფრანგეთში, ბალტიის ქვეყნებზე კი პასუხს ჯერაც არ აძლევენ. მთავრობის სურვილია, რომ ჩვენი ტურიზმისა და ეკონომიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა როგორიც Wizz Air-ია არჩევნებამდე რეგულარული რეისები საერთოდ არ შეასრულოს. მთავრობა გვიმტკიცებს, რომ გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იღებენ. სინამდვილეში, მათი გადაწყვეტილებები მთლიანად პოლიტიკურია რაც შიმშილისთვის წირავს ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს,“ განაცხადა კანდელაკმა.
სტუდენტები რომლებსაც აქვთ გერმანიაში მოკლევადიანი სამუშაო კონტრაქტები სწორედ Wizz Air-ის დე ფაქტო აკრძალვის გამო ზარალდებიან, დასძინა მან.
გარდა ამისა, კანდელაკის ინფორმაციით ავიაკომპანია Air Baltic-ს სურს რიგაში კვირაში სამი რეისის შესრულება, ეკონომიკის სამინისტრო კი ამჟამინდელი მდგომარეობით მხოლოდ ერთს თანხმდება.
„მოგეხსენებათ რომ ავიაკომპანიების ეკონომიკაში ფასწარმოქმნის მნიშვნელოვანი ფაქტორი ფრენების სიხშირეა. არსებული აბსურდული და ბრიყვული შეზღუდვების შედეგად მივიღებთ რეალობას როცა გვექნება ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი ფრენა, საქართველოს მოქალაქეები კი ვერც ქვეყნიდან გასვლას შეძლებენ და დე ფაქტო ვერც შემოსვლას მათთვის გადაადგილების შესაზღუდად აღმართული დისკრიმინაციული ბარიერების გამო,“ განაცხადა კანდელაკმა.