„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული Georgian Airways-ს მიერ და არის დაკოორდინებული საქართველოს მთავრობასთან,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ყველა მოქალაქე, რომელიც შემოვა საქართველოში, გაივლის კარანტინს.
„ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, იცით, რომ რამდენიმე დღეა უკვე, რაც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ყველა ადამიანი ვინც შემოვა საქართველოში მიუხედავად იმისა, თუ საიდან შემოვა, გადაინაცვლებს საკარანტინო სივრცეში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ, მათ მიმართ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.