მთავრობა საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა გამტარუნარიანობის ზრდის პარალელურად, საჰაერო სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობის ზრდის გეგმასაც ამუშავებს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აეროპორტებში კარგო ტერმინალების განვითარება იგეგმება.
ქვეყანაში არსებული სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ერთს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მსგავსი მომსახურება აქვს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, სახელმწიფოს აქვს გეგმა და მიზანი რისი მიღწევაც მოკლე ვადებში სურს სამივე საერთაშორისო აეროპორტში და ეს გეგმა და მიზანი გამტარუნარიანობის ზრდაა.
„მე ვისაუბრებ იმ გეგმებზე, რაც ჩვენ გაქვს სახელმწიფოს. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სტანდარტების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებს სჭირდება. გვესმის, კარგად, რომ ტურიზმი და ავიაციის ინდუსტრია ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიებია ჩვენს ქვეყანაში და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში გაქვს საავიაციო თუ ტურისტული კვალდაკვალ მიყვებოდეს, ან უსწრებდეს განვითარების ტემპს, რომელსაც ჩვენ ვქმნით ერთობლივი ძალებით კერძო სექტორთან ერთად, ორივე სექტორში.
რა თქმა უნდა საერთაშორისო აეროპორტებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ტურისტულ საავიაციო ინფრასტრუქტურაში. ჩვენი მოლოდინი, სურვილი და მიზანია, რომ სამივე საერთაშორისო აეროპორტი იყოს საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების მქონე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც შიდა და საერთაშორისო მგზავრებს გააჩნიათ.
მოლოდინი გაქვს, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ და გავაფართოებთ იმ საოპერაციო არეალს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის როგორიც არის კარგოს მიმართულება. ვხედავთ, რომ ძალიან სწრაფია ტვირთების გადაზიდვის ბიზნესის განვითარება ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები ჩვენ სამივე საერთაშორისო აეროპორტში შევქმნათ. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის გამტარუნარიანობა იმისათვის, რომ თითოეულმა აეროპორტმა შეძლოს და გაატაროს მეტი მგზავრი ტერმინალში, ასევე მეტი რეისი მივიღოთ და იგივე შეეხება საჰაერო ტვირთების გამტარუნარიანობის გაფართოებას.
ჩვენ გაქვს გეგმა და მიზანი რისი მიღწევაც ჩვენ მოკლე ვადებში გვინდა სამივე საერთაშორისო აეროპორტში, შესაბამისად ამ გეგმისა და პროპორციის მიხედვით დაახლოებით წარმოდგენილია ის საინვესტიციო მოცულობა, რომელიც შეიძლება დასჭირდეს აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოლოდინია.
„ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა აეროპორტებთან დაკავშირებით. ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგო ტერმინალებით, ბიზნეს ავიაციით, გვინდა მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ქუთაისში ჩვენ გვაქვს ასევე დამატებითი ხედვა, შეიძლება დამატებით კარგოს მიმართულება განვითარდეს და ჯამში, სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა“, – განაცხადა პრემიერმა.