მთავრობა ღამის ხედვის სისტემით ვერტმფრენის ექსპლუატაციის წესებს და პირობებს ადგენს. შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) გამოიტანა.

“ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის მიზანია ღამის ხედვის სისტემით (NVIS) ვერტმფრენის ექსპლუატაციის წესების და პირობების დადგენა.

ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ, ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილ ვერტმფრენებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ოპერირება ვიზუალური ფრენის წესებით (VFR). სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ღამის ხედვის სისტემის (NVIS) გამოყენებით ვერტმფრენის ექსპლუატაციის ნებართვა გაიცემა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელებზე.

ღამის ხედვის სისტემის (NVIS) გამოყენებით ფრენების შესასრულებლად ვერტმფრენი აღჭურვილი უნდა იყოს:
• სიმაღლის რადიომზომით, რომელიც NVIS გამოყენებით ფრენის ყველა ეტაპზე გამოსცემს ხმოვან სიგნალს, თუ ვერტმფრენი წინასწარ განსაზღვრულ სიმაღლეზე დაბლა დაეშვება, ხოლო ხმოვან და ვიზუალურ სიგნალს – პილოტის მიერ შერჩეულ სიმაღლეზე;
• NVIS სისტემასთან შეთავსებადი განათებით, რომელიც მოიცავს: სპეციალური ტიპის განათებას, რომელიც უზრუნველყოფს ხელსაწყოების დაფაზე არსებული ყველა ძირითადი საპილოტაჟო ხელსაწყოს განათებას, საერთო განათების ნათურებს, პორტატიულ ფანრებს;
• NVIS სისტემასთან შეუთავსებადი შიდა ნათურების მოხსნის ან ჩაქრობის საშუალებებს;
• ვერტმფრენზე დამონტაჟებული უნდა იყოს შემდეგი დამატებითი NVIS აღჭურვილობა: სარეზერვო ან მეორადი კვების წყარო ღამის ხედვის სათვალეებისათვის (NVG), ჩაფხუტი ღამის ხედვის სათვალის (NVG) მიერთების შესაძლებლობით.

 ცვლილებების პროექტი შემუშავებულია ევროპული რეგულაციის 965/2012-ის SPA.NVIS.110; AMC1 SPA.NVIS.110(b); GM1 SPA.NVIS.110(b); GM1 SPA.NVIS.110 მოთხოვნების შესაბამისად.

? ნორმატიული აქტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/publicconsultations.php

 შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელ. მისამართზე: flightstandards@gcaa.ge