დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) მგზავრებს „სრულად უწყვეტ“ მოგზაურობის გამოცდილებას უმზადებს: ხელბარგი — რეგისტრაციის გარეშე, პასპორტი — წარდგენის გარეშე.
დუბაის აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა, პოლ გრიფიტსმა, Dubai Airshow-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უახლოეს წლებში DXB-დან მხოლოდ ხელბარგით მიმავალი მგზავრები შესაძლოა, სრულად გათავისუფლდნენ ტრადიციული რეგისტრაციის პროცედურისგან.
მისი თქმით, მიზანია ყველა პროცედურის გავლის „აბსოლუტურად უხახუნო“ (frictionless) პროცესის შექმნა.
„ჩვენ არ გვსურს ნაბიჯების დამატება, ჩვენ გვსურს მათი ამოღება. უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაუქმოთ რეგისტრაცია იმ მგზავრებისთვის, რომლებიც მხოლოდ ხელბარგით მგზავრობენ“, — ციტირებს გრიფიტსს Newsweek.
აეროპორტში უკვე დანერგილია კამერების სისტემა, რომელიც თითოეული მგზავრის სახის ამოცნობას ატარებს და იმიგრაციული კონტროლის პროცედურას ანაცვლებს. შემდეგი ნაბიჯი უსაფრთხოების შემოწმების გამარტივებაა, რათა ის დარჩეს უსაფრთხო, მაგრამ გახდეს უფრო სწრაფი და კომფორტული.
გრიფიტსმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი მიდგომა მგზავრებს საშუალებას მისცემს, აეროპორტი „მნიშვნელოვნად სწრაფად“ გაიარონ და ამავე დროს გაიზრდება გამტარუნარიანობაც ახალი ტერმინალების მშენებლობის გარეშე. „თუ იმავე დროში ოთხჯერ მეტ ადამიანს გავატარებთ ფართის გაზრდის გარეშე, ეს უზარმაზარი გამარჯვებაა“, — აღნიშნა მან.
დუბაის აეროპორტმა უკვე განაახლა საკუთარი რეკორდი: წლის დასაწყისიდან ტერმინალებში 93.8 მილიონი ადამიანი გაიარა, რაც 2024 წლის მთლიან მაჩვენებელზე მეტია. თუმცა, აეროპორტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ტრადიციული პროცედურები, მათ შორის ბარგზე ქაღალდის ეტიკეტების გაცემა, დიდი ხანია მოძველდა.
გრიფიტსმა შესთავაზა, რომ ჩემოდნების მწარმოებლებმა დანერგონ უნიკალური შტრიხკოდები, რომლებიც საშუალებას მისცემს ბარგის მთელ მსოფლიოში თვალყურის დევნებას.
მთავარი ამოცანაა მოგზაურობის ყველა ეტაპის ერთიან ბიომეტრიულ სისტემაში გაერთიანება.
„როდესაც აეროპორტში შეხვალთ, კამერებს ვერც კი შეამჩნევთ. ერთი ბიომეტრიული ანაბეჭდი ჩაანაცვლებს რეგისტრაციას, ადგილის არჩევას, ბარგის გაფორმებას, უსაფრთხოებასა და პასპორტის კონტროლს,“ — განაცხადა Dubai Airports-ის ხელმძღვანელმა.
თუ პროექტი სრულად განხორციელდება, DXB გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი აეროპორტი, სადაც მოგზაურებს შეეძლებათ ყველა პროცედურის გავლა, პრაქტიკულად, არავისთან ან არაფერთან ინტერაქციის გარეშე.












