მომსახურების სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა ჯონ შოულიმ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა. ამერიკელი სპეციალისტი, არაერთი წიგნის ავტორი,სამოტივაციო სპიკერი და ბიზნესმენი, საერთაშორისოდ აღიარებული სერვის გურუ –  ჯონ შოული საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ესტუმრა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ტრენინგს სხვადასხვა სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

“ჩვენი ამოცანაა მაქსიმალური დივერსიფიცირება მოვახდინოთ ჩვენი მიზნობრივი ტურისტული ბაზრების, ასევე საერთაშორისო მოგზაურობის ნაწილში გავზარდოთ ტურისტული ნაკადების წილი, რაც ავტომატურად ნიშნავს მაღალ შემოსავალს ქვეყნისთვის. ამის წინაპირობას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტის, ტურისტული პროდუქტისა და სერვისის შეთავაზება ჩვენი ვიზიტორებისთვის. ეს კონკრეტული მასტერკლასი უნიკალური შესაძლებლობაა კერძო სექტორისთვის კიდევ უფრო გაიღრმაონ ცოდნა, განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც ამ მასტერკლასს ატარებს საერთაშორისოდ აღიარებული სერვის გურუ 45 წლიანი გამოცდილებით, რომელიც არის არაერთი გამოცემის ავტორი, სამოტივაციო სპიკერი, კონსულტაციებს უწევს წამყვან ბრენდებს მსოფლიოში, ასევე საერთაშორისო გამოცემებში იბეჭდება მისი სტატიები“,-აცხადებს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

„საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ვიმყოფები. თქვენს მშვენიერ ქვეყანაში ძალიან კარგი ხალხია, ქართული კერძები ძალიან გემრიელია. ვიმედოვნებ შეხვედრის მონაწილეები გამოიყენებენ იმ პრინციპებს, რის შესახებაც ვსაუბრობდი.  იმისათვის რომ ქვეყანა  მსოფლიოში იყოს მიმზიდველი, საჭიროა მომსახურების სფერო იყოს გამორჩეული და  ძლიერი. მომსახურების სფეროსთვის კლიენტებთან ურთიერთობის ყველა ელემენტი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ  საქართველოს ტურისტული მიმართულება მსოფლიოში ნომერ პირველია“,-აცხადებს საერთაშორისო ექსპერტი ჯონ შოული.

“ძალიან საინტერესო ტრენინგის ვესწრებით, ეს გახლავთ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში აღიარებული სპიკერის მასტერკლასი. კერძო სექტორის უმნიშვნელოვანესია ეს ტრენინგი, რადგან საშუალება გვეძლევა გავიუმჯობესოთ ჩვენი თვალსაწიერი, ჩვენი ცოდნა და განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი“,-აცხადებს თიკა დუღაშვილი ღვინის ეზო N1-ის წარმომადგენელი.

ჯონ შოულის კომპანიის სერვისის პროგრამით მსოფლიოს 40 ქვეყანაში  2 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა. ჯონ შოული კონსულტაციებს უწევს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Hyatt, Sheraton, Coca-Cola, Fedex, Apple, Sales Forse, DHL და სხვა.