სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) განცხადებით, 2020 წელს საერთაშორისო სამგზავრო ავიაგადაზიდვების მოცულობა 60%-ით შემცირდა და 2003 წლის დონეს დაბრუნდა.

ექსპერტების აზრით, 2021 წელი ბევრად უკეთესი არ იქნება.

ICAO-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2020 წელს მგზავრთნაკადის საერთო რაოდენობა 60%-ით შემცირდა. პანდემიის პირველ წელს საჰაერო ტრანსპორტით 1,8 მლრდ-მა მგზავრმა ისარგებლა, მაშინ როდესაც 2019 წლის მაჩვენებლები 4.5 მლრდ მგზავრი იყო.
 

COVID-19-ის პანდემიის შედეგად 2020 წელს ავიაკომპანიების ფინანსურმა ზარალმა 370 მლრდ დოლარი შეადგინა. იმავდროულად, აეროპორტებმა და საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებმა 115 მლრდ და 13 მლრდ დოლარი დაკარგეს. 

ICAO–ს ანალიზი ადასტურებს იმას, რაც ავიაციის ინდუსტრიას პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა. COVID-19-ის ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, რამდენიმე ქვეყნის საავიაციო ბიზნესი დაზარალდა, თუმცა ვირუსის მთელს მსოფლიოში გავრცელებისა და პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის გარკვეული რეგულაციები დააწესა და ავიაკომპანიებმა ფრენები შეაჩერეს. 

2020 წლის აპრილი საავიაციო ინდუსტრიისთვის ყველაზე რთული და ცუდი პერიოდის დასაწყისი აღმოჩნდა. 2019 წელთან შედარებით ტრაფიკი 92%-ით შემცირდა. ზაფხულიდან ფრენების ნაწილობრივი და ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო. თუმცა ამ პერიოდმაც მცირე ხანს გასტანა, რადგანაც სექტემბრიდან ქვეყნებს ხელახალი რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესება მოუხდათ.

ICAO-ს მონაცემებით, ზოგიერთი ქვეყნების მაგალითზე შიდა ტრაფიკმა დადებითი ტენდენცია აჩვენა კიდეც. რუსეთისა და ჩინეთის მაგალითი ცხადყოფს, რომ შიდა რეისები მალევე აღდგა და პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს გაუტოლდა კიდეც.

საერთო ჯამში, შიდა სამგზავრო მიმოსვლა მსოფლიოში 50%-ით შემცირდა, ხოლო საერთაშორისო ტრაფიკი 74% ით შემცირდა.