მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესმა ავიაკომპანიამ ჩასხდომის წესები შეცვალა. ისინი მგზავრებზე ელექტრონულ საშვებს გასცემენ, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მგზავრს COVID-19 არ აქვს.

Financial Times-ის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ავიაკომპანიები, როგორიცაა United Airlines, Lufthansa, Virgin Atlantic, Swiss Airlines და JetBlue Airways, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს მოგზაურობის რაოდენობის გაზრდას.

პროექტის კონცეფციის თანახმად, დეკემბრიდან მგზავრებს, რომლებიც COVID-19-ზე ტესტის უარყოფით პასუხს მიიღებენ, თავიანთ ტელეფონში სპეციალურ პროგრამაში შეუძლიათ ელექტრონული სერტიფიკატი QR კოდით ჩამოტვირთონ. შემდეგ კი ამ კოდის დასკანერება მოხდება თვითმფრინავში ჩასხდომამდე, ასევე საზღვრის კონტროლის დროს. 

“ხარისხიანი ტესტირება ციფრული პასებით – ეს არის კიდევ ერთი გზა მომხმარებლის ნდობის დაბრუნების და ფრენების უსაფრთხოდ აღდგენისკენ”, – განაცხადა JetBlue-ს გენერალურმა დირექტორმა ჯოანა გერაგიმ. ​