ავიაგადაზიდვების უსაფრთხოებისა და პროდუქტების შეფასების წამყვანმა პლატფორმამ, AirlineRatings.com-მა, 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელი სიის სათავეში, ისტორიაში პირველად, ყურის ქვეყნების წარმომადგენელი Etihad Airways მოექცა. ავიაკომპანიამ პირველი ადგილი რამდენიმე გადამწყვეტი ფაქტორის წყალობით დაიკავა, მათ შორის არის თანამედროვე და ახალგაზრდა ავიაპარკი, ინოვაციური მიდგომები კაბინის უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით ტურბულენტობის მართვის კუთხით, და ინციდენტების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი. რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ Cathay Pacific, Qantas, Qatar Airways და Emirates.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. წინა წლების ლიდერმა, Air New Zealand-მა, პოზიციები დათმო და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო სიაში დაბრუნდა Singapore Airlines, რომელმაც გასულ წელს მომხდარი ტურბულენტობის ინციდენტის შემდეგ უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი გადახედვა განახორციელა. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ლიდერ ავიაკომპანიებს შორის ქულების სხვაობა მინიმალურია და თითოეული მათგანი უმაღლესი დონის უსაფრთხოების კულტურით გამოირჩევა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების კატეგორიაში კი ზედიზედ მეორედ პირველი ადგილი ჰონგ-კონგურმა HK Express-მა დაიკავა, რომელსაც მოჰყვებიან Jetstar Airways და Scoot.












