Skytrax World Airport Awards-ის მიხედვით, ტოკიოს ჰანედას აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე სუფთა აეროპორტად დასახელდა. მოგზაურები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ აეროპორტის იატაკის, სკამების, საზოგადოებრივი ადგილების და ტუალეტების სისუფთავეს.
„Covid-პანდემიის შემდეგ, აეროპორტში სისუფთავის სტანდარტები მგზავრებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა“, – ნათქვამია საკონსულტაციო კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
გამოკითხვაში მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების სიაში ჰანედა ასევე მეოთხე ადგილზე იყო.
ათი ყველაზე სუფთა აეროპორტიდან ცხრა აზიაშია. მათგან ოთხი კი იაპონიაში: ნაგოია ჩუბუ ცენტრაირი მეხუთე ადგილზეა, ნარიტა – მეექვსეზე, კანსაი კი მეშვიდეზე. მეორე ადგილი სამხრეთ კორეაში მდებარე ინჩეონმა დაიკავა, მესამეზე სინგაპურის ჩანგია, ხოლო მეოთხეზე დოჰას ჰამადის აეროპორტი. სიას ავსებენ ჰონგ კონგი (მერვე პოზიციაზე) და ტაოიუანი ტაივანში (მეცხრე პოზიციაზე). მეათე ადგილი დაიკავა ერთადერთმა არააზიურმა აეროპორტმა შვეიცარიულმა ციურიხმა.
World Airport Awards-მა ასევე აღიარა რეგიონში სუფთა აეროპორტები. ამერიკაში ეს იყო ვანკუვერი, სამხრეთ ამერიკაში – კიტო (ეკვადორი), ხოლო ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში ხუან სანტამარიას საერთაშორისო აეროპორტი.
აფრიკაში ყველაზე სუფთა აეროპორტია კეიპტაუნი (სამხრეთ აფრიკა), ავსტრალიაში/წყნარ ოკეანეში – ბრისბენი, შანხაის ჰონჩიაო – ჩინეთში, აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის აეროპორტი (ბაქო) – ცენტრალურ აზიაში და ბანგალორი – ინდოეთსა და სამხრეთ აზიაში.