აეროპორტში ავტომობილების პარკირებამ მგზავრობის ღირებულება შეიძლება მოულოდნელად გაზარდოს. სერვისი აეროპორტებისათვის კარგ შემოსავალს იძლევა და რადგან ისინი პანდემიის დროს დაკარგული მილიონების ანაზღაურებას ცდილობენ, უფასო ჩამოფრენისა და გაფრენის ზონებიც კი წარსულის საგანი ხდება.

აეროპორტის პარკირების ტარიფები მნიშვნელოვნად განსხვავდება მთელს მსოფლიოში, კვირაში 26,74 დოლარიდან 538 დოლარამდე. MoneyBarn-ის ექსპერტების მიერ გაჟღერებული ციფრები 2023 წლის მაისის ტარიფებს ასახავს

სან პაულო გუარილიოსის საერთაშორისო აეროპორტი აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული აეროპორტი – სამხრეთ ამერიკის მეორე ყველაზე დატვირთულ აეროპორტში მანქანის ერთ კვირიანი პარკირება 26,74 დოლარი ჯდება.

მეორე ადგილზეა სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი 29,43 დოლარის ღირებულებით. სამეულს 32,01 დოლარის ფასით ხურავს ანტალიის აეროპორტი, რომელიც ასევე თურქეთში მდებარეობს.

ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი იყო ყველაზე იაფი აეროპორტი პარკირების მხრივ შეერთებულ შტატებში, თუმცა ის საერთო რეიტინგში მეხუთე ადგილზეა, სადაც ავტომობილის პარკინგი 1 კვირის განმავლობაში 34,99 დოლარი ღირს.

თუმცა, დოჰას ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში ავტომობილის პარკინგის ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. Qatar Airways-ის ბაზირების აეროპორტში მანქანების პარკირების ტარიფები წელიწადში 409%-ით გაიზარდა.

გასაკვირი არ არის, რომ ამ ზაფხულს ჰამადი აღმოჩნდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული აეროპორტი ავტომობილების პარკირების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ აეროპორტი Skytrax-ის მიხედვით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

ყველაზე ძვირის ავტომობილების პარკინგის მქონე აეროპორტების სამეულს ხურავს ლონდონის ჰითროუს აეროპორტი კვირაში 324 დოლარიანი ტარიფით და სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტი 245 დოლარით.

გარდა ამისა, TOP-10-ში აშშ-სა და ევროპის აეროპორტები დომინირებს.

1. ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი (538$);

2. ლონდონის ჰითროუს აეროპორტი (324$);

3. სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტი ($245);

4. ბოსტონის ლოგანის საერთაშორისო აეროპორტი ($232);

5. ლონდონის გეთვიკის აეროპორტი (228$);

6. სინგაპურის ჩანგის აეროპორტი ($181);

7. მაიამის საერთაშორისო აეროპორტი ($175);

8. სიეტლი/ტაკომას საერთაშორისო აეროპორტი (169$);

9. ამსტერდამის აეროპორტი Schiphol-ი ($149);

10. ფრანკფურტის აეროპორტი ($147)