მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი ესტუმრა. სტუმრებს ძველ თბილისში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ უმასპინძლეს. სტუმრებს შორისაა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საუდის არაბეთის, გვატელას ტურიზმის მინისტრები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
მსოფლიო ტურიზმის დღის მონაწილეები გაეცნენ დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს, კულტურას, ისტორიას, დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.
ხვალ, 27 სექტემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან. გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.
საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე.