ყველა გადაწყვეტილება ფრენაზე იქნება შეთანხმებული ჩვენთან, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ ჩამოგვყავს, უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი კარანტინით თავიდან ბოლომდე და ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთი თანმიმდევრობით, როგორიც იქნება ჩვენთვის ყველაზე უფრო უსაფრთხო, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისრტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა ურტყამს მათ შორის საავიაციო კომპანიებს, მაგრამ დღეს ყველა კომპანიამ თავისი კომერციული ინტერესი უკან უნდა გადადოს და იმოქმედოს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
„რაც შეეხება აირზენას განცხადებას, აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა რაც დაუდგა მსოფლიოს, ურტყამს მათ შორის ავიაციას და საავიაციო კომპანიებს, მაგრამ დღეს არის დრო, რომ ყველამ თავისი კომერციული ინტერესი უკან გადადოს და ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენ გავაუქმეთ საგანგებო ვითარების პირობებში რეისები, შეთანხმება არის, რომ მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება იმ გრაფიკით და იმ თანმიმდევრობით, როგორც იქნება ჩვენთან შეთანხმებული, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას და ამ პროცესის დაცვას და აქედან გამომდინარე, ეს ასე გაგრძელდება და არა რომელიმე კომპანიის ცალეული ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ეს დღეს არის მეორე ხარისხოვანი.
ყველა გადაწყვეტილება ფრენაზე იქნება შეთანხმებული ჩვენთან, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ ჩამოგვყავს, უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი კარანტინით თავიდან ბოლომდე და ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთი თანმიმდევრობით, როგორიც იქნება ჩვენთვის ყველაზე უფრო უსაფრთხო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოხდეს ორგანიზებულად, დაგეგმილი რეჟიმის და გრაფიკის მიხედვით, იმიტომ, რომ დღეს მთავარი პრიორიტეტი არის მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
„ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვზრუნავთ თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, იმყოფებიან ისინი საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ჩვენი კოლეგები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოების მეშვეობით 24 საათიან რეჟიმში ჩართულები არიან მათთან კომუნიკაციაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა სხვადასხვა წერტილიდან, ევროპიდან მოხდეს ორგანიზებულად, მოხდეს დაგეგმილი რეჟიმის და გრაფიკის მიხედვით, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარე, ისე უნდა მოხდეს მათი ჩამოყვანა, რომ ჩვენ მზად ვიყოთ და საკარანტინო სივრცეები შევთავაზოთ და ყველა აუცილებელი ღონისძიება იყოს გატარებული, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, მთავარია პრევენცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ორგანიზებულად ჩამოგვყავს, არ წარმოადგენდნენ საფრთხეს საკუთარი თავისთვის, საკუთარი ახლობლებისთვის და დანარჩენი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა ნათია თურნავამ.