ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიაზე მძიმე გავლენას ახდენს, რის გამოც საერთაშორისო ავიაკომპანიები იძულებულნი ხდებიან ბილეთების ფასები გაზარდონ და ფრენის მარშრუტები მნიშვნელოვნად შეამცირონ. ნავთობპროდუქტების მკვეთრი გაძვირება პირდაპირ კავშირშია ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებთან, რამაც გლობალურ ბაზარზე საავიაციო საწვავის დეფიციტი და ფასების არაპროგნოზირებადი ზრდა გამოიწვია.

ამერიკული გიგანტები, Delta Air Lines და American Airlines, უკვე საუბრობენ სერიოზულ ფინანსურ ზარალზე და აცხადებენ, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საწვავის ხარჯები 400 მილიონი დოლარით გაეზარდათ. ანალოგიური კრიზისული ვითარებაა ევროპასა და აზიაშიც, სადაც ავიაკომპანიები, გაზრდილი ხარჯების გარდა, ლოგისტიკურ პრობლემებსაც აწყდებიან. ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, გადამზიდავებს უწევთ რეისების გაუქმება ან ალტერნატიული, უფრო გრძელი მარშრუტების გამოყენება, რაც კიდევ უფრო ზრდის საოპერაციო დანახარჯებს და აფერხებს საერთაშორისო მიმოსვლას.