ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გლობალური საავიაციო მიმოსვლა კვლავ სერიოზულად არის შეფერხებული, რამაც რეგიონის საკვანძო საჰაერო ჰაბების, მათ შორის დუბაის, დოჰასა და აბუ-დაბის აეროპორტების ნაწილობრივი ჩაკეტვა გამოიწვია. სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა უსაფრთხოების რისკების გამო ფრენების გაუქმების ვადები კიდევ უფრო გაახანგრძლივეს.
ევროპული ავიახაზებიდან Lufthansa Group-მა, რომელიც რამდენიმე მსხვილ გადამყვანს აერთიანებს, თელ-ავივის მიმართულებით რეისები 9 აპრილამდე შეაჩერა, ხოლო დუბაიში, ამანსა და აბუ-დაბიში ფრენებს 28 მარტამდე აღარ განახორციელებს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო British Airways-მაც, რომელმაც დუბაისა და თელ-ავივის რეისების გაუქმების ვადა 31 მაისამდე გაზარდა, აბუ-დაბის მიმართულებით კი ფრენები წლის ბოლომდე სრულად ამოიღო განრიგიდან. შეზღუდვებს აწესებენ Air France და KLM-იც, რომლებმაც საამიროებისა და საუდის არაბეთის ქალაქებში ფრენები გაზაფხულის შუა რიცხვებამდე გადაავადეს.
ამერიკულმა ავიაკომპანია Delta Air Lines-მა ისრაელის მიმართულებით რეისები ზაფხულის დასაწყისამდე შეაჩერა, ხოლო თურქულმა გადამყვანებმა, Turkish Airlines-მა და Pegasus-მა, რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ერაყში, იორდანიასა და ყატარში, ფრენები მარტის ბოლომდე ან აპრილის შუა რიცხვებამდე გააუქმეს. აზიური ბაზრიდან Singapore Airlines და Cathay Pacific დუბაისა და ერ-რიადში აპრილის ბოლომდე აღარ იფრენენ, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სინგაპურის ავიახაზები ალტერნატიულ რეისებს ლონდონისა და მელბურნის მიმართულებით ამატებს.
დაბალბიუჯეტიანი გადამყვანებიდან Wizz Air-მა ისრაელისა და არაბული ქვეყნების ნაწილში ფრენები სექტემბრის შუა რიცხვებამდე გააუქმა, ხოლო ინდურმა IndiGo-მ და საუდის არაბეთის Flynas-მა შეზღუდვები მარტის ბოლომდე დააწესეს. მიუხედავად რეგიონული საჰაერო სივრცის ნაწილობრივი გახსნისა, ადგილობრივი გიგანტები — Emirates, Etihad Airways და Qatar Airways — ამ ეტაპზე მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ფრენებს ახორციელებენ და კვლავ ერიდებიან კონფლიქტურ ზონებში საჰაერო დერეფნების გამოყენებას.












