ავიაკომპანია Georgian Airways-ი საზოგადოებისთვის საკუთარი თანამშრომლების გაცნობას განაგრძობს.

გიორგი გოგოლაძე, Georgian Airways-ის  მეორე პილოტი“: „ავიაცია არის ჩემი ცხოვრების აზრი. ავიაციის გარეშე, ჩემი საქმისა და პროფესიის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.“

34 წლის გიორგი გოგოლაძე 2018 წლიდან Georgian Airways-ის მეორე პილოტია. თავდაპირველად ფრენა „ემბრაერის“ ტიპის ავიახომალდზე დაიწყო, შემდეგ ამსტერდამში „ბოინგ 737“- ზე გადაისწავლა და 3 წელია ამ ბორტით ასრულებს რეისებს. ჯამში უკვე 4000 საათზე მეტი აქვს ნაფრენი.

გიორგის პროფესიული გზა ავიაციაში დისპეტჩერის პოზიციიდან დაიწყო, თუმცა მფრინავი რომ გახდებოდა ბავშვობიდანვე იცოდა.

„ბავშვობიდან მქონდა დიდი ინტერესი ავიაციისა და თვითმფრინავების მიმართ: მუდმივად ვეცნობოდი ინფორმაციას, ვუყურებდი ფილმებს ავიაციაზე. ავიაცია არის ჩემი ცხოვრების აზრი და მისი მთავარი ნაწილი, ავიაციის გარეშე, ჩემი საქმისა და პროფესიის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომადგენია. ვფიქრობ, სხვა პროფესიით ვერასდროს ვერ ვიმუშავებდი.“

როგორც ყველა მფრინავს, განსაკუთრებულად ახსენდება პირველი დამოუკიდებელი ფრენა:

„აღტაცებული ვიყავი, ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის, შენი მიზნისთვის დიდ შრომასა და ძალისხმევას რომ ჩადებ და შედეგს მიიღებ. დისპეტჩერის პოზიციაზე მუშაობის დროს სულ მქონდა განცდა, როდის შევასრულებდი მე თავად რეისებს როგორც მფრინავი. პირველი ფრენის ემოციები, რა თქმა უნდა, დაუვიწყარია ჩემთვის.

დღეს უკვე მუშაობის პროცესში, ყველაზე მეტად მსიამოვნებს, როცა რაიმე არასტანდარტული სიტუაცია ხდება, მაგალითად ამინდის რთულ პირობებთან დაკავშირებული, ამ ვითარების მართვისა და რეისის წარმატებით დასრულების შემდეგ ყველაზე დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ“.

ამბობს, რომ პროფესიის დაუფლების პროცესი მარტივი არ არის, თუმცა შრომა და მიზანდასახულობა შედეგს ყოველთვის გამოიღებს:

„მფრინავი პირველ რიგში უნდა იყო მიზანდასახული და შრომისმოყვარე, ძალიან დიდი შრომის ჩადებას მოითხოვს ეს პროფესია. ასევე აუცილებელია გუნდურობა, ეს ერთ-ერთი საჭირო თვისებაა მფრინავისთვის და ეკიპაჟის წევრისთვის.

სწავლის პროცესში ინსტრუქტორებს ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ ყოველთვის უნდა დასვა კითხვა და არ მოერიდო, ვინმემ რომ არ იფიქროს, ცოდნა აკლიაო. იგივე რჩევას მივცემდი ახალ თაობას, რომელიც ახლა ეუფლება ჩვენს პროფესიას. არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავიდანვე ყველაფრის მცოდნეა, აუცილებლად უნდა დასვა კითხვა და წაიკითხო ბევრი თეორიული მასალა. შემდეგ, დამოუკიდებელი ფრენის დროს, ყველა მფრინავისთვის დგება ეტაპი, როცა კითხვებს ვეღარ დასვამ და თავად უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ამისთვის სრულად უნდა იყო მომზადებული.“

ისევე როგორც „ჯორჯიან ეარვეისის“ ყველა მფრინავი, გიორგიც მუდმივი გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

„მფრინავის პროფესია ყოველდღიურ სწავლას საჭიროებს, 6 თვეში ერთხელ გადამზადებას გავდივართ და ჩვენს ცოდნასა და კვალიფიკაციას მუდმივად ვიმაღლებთ. ტექნოლოგიები იხვეწება, სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავზე გადამზადებაა საჭირო, პროცედურები იცვლება, ამიტომ მფრინავის პროფესია მუდმივ განათლებას გულისხმობს.“