Georgian Airways-მა ვილნიუსის მიმართულებით ავიაბილეთების რეალიზაცია შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის მენეჯმენტმა ლიეტუვას აეროპორტს უკვე მიაწოდა.

როგორც ვილნიუსის აეროპორტში განმარტავენ, ავიაკომპანიის მხრიდან ავიაბილეთების გაყიდვის შეწყვეტის მიზეზი მათზე დაბალი მოთხოვნა გახდა.

“მარშრუტი ამ დროისათვის გამოხმობილი არ არის, მხოლოდ ავიაბილეთების გაყიდვაა შეწყვეტილი. ლიეტუვას აეროპორტის წარმომადგენლები ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ“, აცხადებენ აეროპორტში.

ლიეტუვური მედია წერს, რომ შესაძლოა ფრენების დაწყების თარიღი გადავადდეს და აღნიშნულ მიმართულებაზე მარკეტინგული კამპანია კიდევ უფრო მეტად დაიტვირთოს.

აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ი აღნიშნულ მარშრუტის ათვისებას ლიეტუვას აეროპორტის ფინანსური პროგრამის de minimis ფარგლებში გეგმავდა და ამ მიზნით 200 000 ევრო მიიღო. თუმცა თუ კი კომპანია აღნიშნულ მარშრუტზე უარს იტყვის, მაშინ მას ამ ფულის დაბრუნება მოუწევს.

Georgian Airways-ი თბილისი-ვილნიუსის მარშრუტზე ოპერირებას კვირაში 3 სიხშირით გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში თბილისი-ვილნიუსის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყებაზე პირველად, ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ლიეტუვაში ვიზიტისას გაღჟერდა.

ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა განაცხადა რომ “ასევე კარგი სიახლეა ის, რომ აპრილიდან ამოქმედდება პირდაპირი ავიარეისები ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის და ბიზნესკავშირების განვითარებას”.