მომდევნო ორი წლის განმავლობაში ახალი აეროპორტების მშენებლობისთვის ინდოეთი 980 მილიარდ რუპიას (12 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯავს, რათა შეიქმნას ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ჰაბი ქვეყანაში. ამჟამად ინდოეთში 148 აეროპორტია, 2025 წლისთვის კი 220 იქნება.

Bloomberg-ის თანახმად, აეროპორტების მშენებლობაში კერძო ინვესტორები დაახლოებით 9 მილიარდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ, ხოლო ინდოეთის აეროპორტების ადმინისტრაცია კიდევ 3 მილიარდ აშშ დოლარს. თანხები მოხმარდება ახალი ტერმინალების აშენებას და არსებული ობიექტების განახლებას.

”ჩვენ გვინდა გავხდეთ წამყვანი ძალა საჰაერო ტრანსპორტის სფეროში,” – განაცხადა ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ჯიოტირადიტია შინდიამ.

ინდოეთი სულ უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს მსოფლიო ასპარეზზე. ამას ხელს უწყობს 3,2 ტრილიონი დოლარიანი ეკონომიკის ზრდა, რომელიც “დაახლოებით ჩინურს გადააჭარბებს”, – წერენ Bloomberg-ის ანალიტიკოსები.