„დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გამტარუნარიანობის მაქსიმუმზე მუშაობს. მგზავრთნაკადმა 5 მლნ მგზავრს გადააჭარბა და აეროპორტი გაფართოებას საჭიროებს. სახელმწიფოს ქვეყანაში საავიაციო სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც 2031 წლის ბოლომდე ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი ამოქმედდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევსულიყავით კომპანია „ტავ ჯორჯიასთან“ მოლაპარაკებაში – შედეგად, მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაორმაგდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა – ის 10 მლნ მგზავრამდე გაიზრდება, ასევე 50 პროცენტით მოიმატებს უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურა, ასევე გაიზრდება როგორც საპარკინგე ზონა, ისე თვითმფრინავების სადგომები,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „ტავ ჯორჯიამ“ აიღო ვალდებულება, რომ თბილისის არსებულ აეროპორტში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
„ეს არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძალიან წარმატებული მაგალითი. ამასთან, „ტავ ჯორჯიას“ უკვე აქვს განხორციელებული მსხვილი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში – დაახლოებით 260 მლნ დოლარის ოდენობით,“ – განაცხადა თამარ იოსელიანმა. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ განახლებული კონტრაქტით გასამმაგდება წლიური შემოსავალი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის, რომელიც დამატებით მიიღებს 25 მლნ ამერიკულ დოლარს ახალი კონტრაქტის ამოქმედების შემდეგ. თამარ იოსელიანმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ახალი კონტრაქტის პირობებით, კომპანია „ტავ ჯორჯია“ ჩაერთვება ავიაკომპანიების მარკეტინგული წახალისების სქემებში, რაც ნიშნავს მეტ ავიაკომპანიას საქართველოს ავიაბაზარზე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაზიანის აეროპორტი 2031 წლის ბოლოს ამოქმედდება, მისი გამტარუნარიანობა თბილისის არსებულ აეროპორტთან შედარებით 4-ჯერ მეტი იქნება და 20 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
„ყველა აეროპორტთან მიმართებაში, იქნება ეს თბილისი, ქუთაისი თუ ბათუმი, გვაქვს კონკრეტული გეგმები, როგორ განვავითაროთ და რა ნიშნულამდე უნდა ავიყვანოთ გამტარუნარიანობის თვალსაზრისით – დღეს საქართველოდან სრულდება 125 პირდაპირი ფრენა, 77 ავიაკომპანია ოპერირებს ავიაბაზარზე, 14 პროცენტიანი მატება გვქონდა მგზავრთნაკადისა და 16 პროცენტიანი – ავიამიმართულებებში. ასევე წელს ჩვენ სამივე აეროპორტში მოვემსახურეთ 8,5 მლნ მგზავრს და ეს მონაცემები რეკორდულია. ტენდენცია მზარდია. ჩვენ მას ვაკვირდებით და საქართველოს აეროპორტებს სწორედ ამის შესაბამისად ვავითარდებთ,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის ინფორმაციით, 2025 წელს მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ თბილისის, ასევე ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებისთვისაც და მგზავრთნაკადი შესაბამისად, 6 – პროცენტით და 30 პროცენტით გაიზარდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ კვლევები მიმდინარეობს, რომელიც წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად ხორციელდება.
„აღნიშნული პროექტები საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება. მაგალითად, თბილისის აეროპორტში ტვირთნაკადის ზრდამ 50 პროცენტი შეადგინა, ქუთაისის აეროპორტის ლოკაცია და განლაგება უნიკალურია – ის ძალიან ახლოსაა ავტომაგისტრალთან და ნავსადგურებთან, შედეგად, ძალიან მზარდია ქუთაისის აეროპორტის როლი ტვირთბრუნვის კუთხითაც. აღნიშნულ აეროპორტში სახელმწიფო ახორციელებს 240 მლნ ლარის ინვესტიციას და ვაშენებთ ახალ ასაფრენ – დასაფრენ ზოლს იმისთვის, რომ მივიღოთ ყველა ტიპის ბორტი ქუთაისში, ასევე ვმუშაობთ ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის მიმართულებითაც,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.












