გლობალური ეკონომიკისა და ნავთობის ფასების ზრდას დიდი ალბათობით, მომავალ წელს ავიაბილეთების 2.6 პროცენტით, ხოლო სასტუმროს ფასების 3.7 პროცენტიანი ზრდა მოჰყვება. რაც საბოლოო ჯამში მოგზაურობას გააძვირებს. ასეთ პროგნოზს სამოგზაურო ბიზნესის ინდუსტრიის ერთ- ერთი გლობალური ლიდერი კომპანია Carlson Wagonlit Travel-ი ( CWT) საქმიანი მოგზაურობის გლობალურ ასოცაციასთან (GBTA) ერთად აკეთებს. აღნიშნული ორგანიზაციები ყოველწლიურად ბიზნეს-მოგზაურობასთან დაკავშირებით წლიურ პროგნოზს ადგენენ.

მათი გათვლებით, 2019 წელს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, გერმანია და ჩილე, ავიაბილეთების ფასი 7 პროცენტზე მეტითაც კი გაიზრდება.

საერთაშორისო ტრანსპორტის ასოციაციამ გასულ თვეში გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ერთი მოგზაურიდან ინდუსტრიისთვის მისაღები მოგება [რაც ავიაბილეთბის ფასზე ახდენს გავლენას] 3.2 პროცენტით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ეს ამ მაჩვნებლის პირველი ზრდაა 2011 წლის შემდეგ.

გასულ წელს CWT / GBTA -მ გააკეთეს პროგნოზი, რომ 2018 წელს ავიაბილეთების ფასი 3.5 პროცენტით მოიმატებდა.

ავიაინდუსტრიის ხარჯები საწვავისა და კომპანიების თანამშრომლებზე გაწეული ხარჯების ჩათვლით, სულ უფრო იზრდება, რის გამოც ავიაკომპანიები იძულებული არიან ფასები გაზარდონ.

ახალი პროგნოზის მიხედვით, 2019 წელს მოსალოდნელია სასტუმროს ფასების მატებაც. ამის მიზეზად ანალიტიკოსები ავიაბილეთებზე გაზრდილ მოთხოვნას ასახლებენ, რაც მათი აზრით, სასტუმროს ოთახებზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს და შესაბამისად, ქირაც გაიზრდება. აზიასა და ევროპაში სასტუმროს ოთახის ფასი დაახლოებით 5 პროცენტით მოიმატებს, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 2.1 პროცენტით. რაც შეეხება ლათინურ ამერიკას, იქ სასტუმრო დიდი ალბათობით 1. 3 პროცენტით გაიაფდება.

სასტუმროების წამყვანმა ევროპულმა და ამერიკულმა ქსელებმა მათ შორის France’s Accor SA და Marriott International-მა უკვე გააკეთეს განცხადება, რომ მათი შემოსავალი აზიასა და ევროპაში წელს საგრძნობლად გაიზარდა.

თუმცა, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკის ზრდის დადებითი პრგნოზისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გლობალური ეკონომიკა გარკვეული რისკების წინაშე დგას, როგორიცაა პროტექციონისტული პოლიტიკის მომძლავრება, სავაჭრო ომის გაჩაღების მცდელობა და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა. მათი აზრით, მართალია აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომს ჯერჯერობით მივლინებების რაოდენობის შემცირება არ მოჰყოლია, მაგრამ ამის რისკი არსებობს.

წყარო:1TV