საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მსოფლიოს უმსხვილეს  სამოგზაურო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე – WTM London-ზე პირველად მონაწილეობს. 44 წლის განმავლობაში, WTM London მსოფლიოში მოგზაურობისა და ტურიზმის მიმართულებით ყველაზე გავლენიან ღონისძიებად ითვლება. ყოველწლიურად, 3 დღის მანძილზე, 43 ათასზე მეტ ვიზიტორს საშუალება აქვს გაეცნოს გლობალურ ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, ფორუმის ფარგლებში ერთობლივი შეხვედრები გამართა.

შეხვედრები გაიმართა იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც როგორც ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებენ, ასევე განიხილებიან პოტენციურ პარტნიორებად უახლოეს მომავალში. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, British Airways-თან, easyJet-თან და Edelweiss-თან, ასევე, სხვა მსხვილ ევროპულ ავიაკომპანიებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

,,ჩვენ ვხედავთ მზარდ მოთხოვნასა და მაღალ ინტერესს ავიაკომპანიების მხრიდან მსგავსი ფორმატის ფორუმებზე დასწრებისადმი. WTM London 2024-ზე ჩვენ ვართ წარმოდგენილი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. გავმართეთ რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის ერთობლივიც. ჩვენი მთავარი მიზანია ის ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები, რომლებიც უკვე შევძელით და წარმატებით შემოვიყვანეთ ქართულ ავიაბაზარზე, გახდეს უფრო მომგებიანი და საინტერესო, მას შემდეგ რაც ფრენები დაიწყება. ამისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ ერთობლივი ჩართულობა სხვადასხვა კამპანიის ფარგლებში,” -განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის განმარტებით, ავიაკომპანიებთან განიხილეს 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის გეგმები, ისაუბრეს მგზავრთნაკადის ზრდასა და მის შენარჩუნების ტენდენციებზე. ასევე, შეხვედრებზე საუბარი შეეხო მსოფლიოსა და ევროპის ქვეყნებთან საქართველოს დაკავშირებადობის გაუმჯობესების გზებს, ფრენების სიხშირეების გაზრდასა და საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი მიმართულებების დამატებას.

,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა ავიაკომპანიასთან წარმატებით მიმდინარეობს და საინტერესო ფორმატს იღებს. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ ავიაკომპანიას მოვიზიდავთ საქართველოს ავიაბაზარზე და უფრო მეტი ზრდა გვექნება როგორც მგზავრთნაკადის, ისე ფრენების რაოდენობის მხრივ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

WTM London 2024-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი, სადაც ტურიზმის სექტორიდან 21 ქართული კომპანია მონაწილეობს.  უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენას ესწრებიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია – Samegrelo DMO. 3 დღის განმავლობაში უმსხვილეს საერთაშორისო ღონისძიებაზე ვიზიტორები და გამოფენის მონაწილები წარმოადგენენ სხვადასხვა სექტორის კომპანიებს, რომლებიც სამოგზაურო ინდუსტრიაში ოპერირებენ.