მთავარი სლაიდერზე მოგზაურობა ბერლინში: რა უნდა იცოდეს მოგზაურმა

მოგზაურობა ბერლინში: რა უნდა იცოდეს მოგზაურმა

1132

Aviabiletebi.org-მა მთავარი „ლაიფჰაკები“ და რჩევები შეაგროვა მათთვის, ვინც ბერლინში პირველად მიემგზავრება. რა უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, რა უნდა ნახოთ და როგორ უნდა დაზოგოთ თანხა – ვიმედოვნებთ, რომ ამ რჩევების წყალობით, თქვენი მოგზაურობა გერმანიის დედაქალაქში 100%-ით კარგად ჩაივლის!

ბერლინის მაცხოვრებელთა უმრავლესობამ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, ინგლისური ენა კარგად იციან, ამიტომ კომუნიკაციის პრობლემა არ გექნებათ. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ აქ უამრავი ტურისტია, რომლებიც ძირითადად ინგლისურ ენაზე საუბრობენ. მაგრამ თუ რამდენიმე ძირითად ფრაზას მაინც  ისწავლით გერმანულ ენაზე და დიალოგს ამ ფრაზებით დაიწყებთ, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო კეთილგანწყობილი და მეგობრული იქნება – გერმანელებს ძალიან უყვართ, როდესაც ვინმე აღფრთოვანებულია მათი კულტურითა და რთული ენით.

სად უნდა იცხოვროთ ბერლინში

ბერლინში სასტუმროებისა და ჰოსტელების ნაკლებობა არ არსებობს  – ფაქტობრივად ყოველ ნაბიჯზე იპოვით პატარა, მაგრამ მყუდრო სასტუმროს ევროპული სტანდარტების მიხედვით საკმაოდ გონივრულ ფასად  (დღე-ღამეში €40-50 საუზმით). რა თქმა უნდა, აქ წარმოდგენილია სასტუმროების მსოფლიო ქსელები. ხოლო თუ გსურთ საცხოვრებელზე თანხა დაზოგოთ, გირჩევთ ბინა იქირაოთ (Ferienwohnungen) – აპარტამენტები გაცილებით იაფი ღირს (დღე-ღამეში €15-30), ამასთან თქვენ საშუალება გექნებათ საკვები თავად მოიმზადოთ, რაც თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

ყველაზე იაფი ორმხრივი ავიაბილეთი Kutaisi -დან Berlin -მდე

ბერლინის ღირსშესანიშნაობები

ბერლინის ყველა ძირითადი ღირსშესანიშნაობა ერთმანეთისაგან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. მათ დათვალიერებას ფეხით ან ველოსიპედით (ამის შესახებ ცალკე პუნქტია) სეირნობის დროს შეძლებთ. აქვე არსებობს ჯადოსნური ორსართულიანი ავტობუსი ნომერი 100, რომელიც პრაქტიკულად  ყველა ღირსშესანიშნავ ადგილთან გაივლის.

ექსკურსიები ბერლინში

თუ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების შესახებ უფრო მეტი გსურთ გაიგოთ ვიდრე სტანდარტულ გზამკვლევებში წერია, გირჩევთ მიმოხილვით ექსკურსიებზე წახვიდეთ. მით უმეტეს, რომ ბერლინში არსებობს შესაძლებლობა ამვარ ექსკურსიებში სრულიად უფასოდ მიიღოთ მონაწილეობა. არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ყველა მსურველისთვის ქვეით ექსკურსიებს აწყობს გამოცდილი გიდების თანხლებით. უახლოესი ექსკურსიების ნახვას მათ ვებ-გვერდზე შეძლებთ – Sandiman’s New World Tours და Alternative Berlin. ასეთი ტურები რამდენიმე საათი გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში გაიგებთ თუ როგორ ცხოვრობს გერმანიის დედაქალაქი. ხშირად მათ ადგილობრივი მაცხოვრებლები უძღვებიან, რომლებიც სიამოვნებით გაგიზიარებენ იმ საიდუმლოებსა და რჩევებს, რომლებსაც გზამკვლევებსა და ინტერნეტში ვერ წაიკითხავთ.

როგორ დავზოგოთ თანხა ბერლინში

ტურისტული ბარათი Berlin Welcome Card ბერლინში მოგზაურობის დროს თანხის დაზოგვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. იგი  საშუალებას გაძლევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავროთ, ძირითად ღირსშესანიშნაობებზე უფასოდ ან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეხვიდეთ, ასევე მიიღოთ ფასდაკლება ბევრ მაღაზიასა და რესტორანში. Berlin Welcome Card-ის ფასი 19.50 ევროდან იწყება და  მოქმედების ხანგრძლივობიდან (2-დან 5 დღემდე) და მგზავრობის მანძილიდან გამომდინარე მერყეობს  (სამუზეუმო კუნძულისა და პოტსდამის მონახულება). მიმდინარე ფასების ნახვა და ონლაინ ბარათის შეძენა აქ შეგიძლიათ.

ასევე ბერლინში უამრავი სრულიად უფასო ღირსშესანიშნაობა არსებობს,  გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • – მუზეუმი ღია ცის ქვეშ „ტერორის ტოპოგრაფია“ (Topographie des Terrors)
  • – გერმანიის ტექნიკური მუზეუმი (Deutsches Technikmuseum)
  • – გალერეა East Side Gallery
  • – ჰომოსექსუალობის მუზეუმი (Schwules Museum)

ასევე წაიკითხეთ: ბიუჯეტი 0 ევრო: სად წავიდეთ და რა ვნახოთ ბერლინში უფასოდ

ტრანსპორტი ბერლინში

ბერლინის სატრანსპორტო სისტემა ძალიან კარგად არის მოწესრიგებული და საათივით მუშაობს. აქ თქვენ არასდროს მოგიწევთ ავტობუსის ლოდინი ხუთ წუთზე მეტი. ყველაზე ეკონომიურია მთელი დღის განმავლობაში მოქმედი ბილეთის შეძენა (€6.90 მოზრდილთათვის და €4.70 ბავშვებისათვის) – იგი  ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოქმედებს. გაითვალისწინეთ, რომ სამგზავრო დოკუმენტებს ხშირად ამოწმებენ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ ბილეთის კომპოსტირება (კომპოსტირების აპარტები განთავსებულია ბაქნებსა და გაჩერებებზე). მძღოლთან შეძენილი ბილეთის კომპოსტირება არ არის აუცილებელი.

ველოსიპედი – მოსახერხებელი და პოპულარული ტრანსპორტის სახეობაა ბერლინში. საერთო ჯამში აქ 860 კილომეტრის სიგრძის ველობილიკია მოწყობილი. ვინაიდან ყველა ტურისტი არ იცავს არსებულ წესებს, ველობილიკების ცენტრში ხშირად სეირნობენ ქვეითად მოსიარულეები, ამიტომ ფრთხილად იყავით. ბერლინში ველოსიპედის ქირაობის ფასი  სტანდარტულია ევროპაში – €7-12 დღეში.

ფასები ბერლინში

ბერლინი მოულოდნელად  გასიამოვნებთ რესტორნებისა და კაფეების  ფასებით.  ევროპის უამრავი დედაქალაქისგან განსხვავებით, სადაც სადილი მინიმუმ €15 დაგიჯდებათ, აქ მშვიდად შეგიძლიათ ისადილოთ 6-10 ევროდ. რა თქმა უნდა, ასეთი სასიამოვნო ფასების პოვნას მთავარი ღირსშესანიშნაობების მახლობლად ვერ შეძლებთ. მაგრამ თუ ტურისტულ ცენტრს ოდნავ მოშორდებით და საოჯახო ტიპის პატარა დაწესებულებებს შეარჩევთ, მაშინ მცირე თანხის სანაცვლოდ საკმაოდ კარგად ისადილებთ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ უზარმაზარ პორციებს, რომლებითაც  ასე განთქმულია გერმანია.

ცნობილი გერმანული ლუდის დასაგემოვნებლად, ძვირადღირებულ რესტორანს  კი არ ეწვიოთ, არამედ ადგილობრივ პაბში წაბრძანდით, სადაც ძირითადად მხოლოდ ამ ქაფიან სასმელს და ლუდზე დასაყოლებელს მოგართმევენ. სწორედ აქ იპოვით ლუდის სახეობების ყველაზე დიდ არჩევანსა და დაბალ ფასებს.

ბერლინი გერმანიაში მწეველის ბოლო საყრდენად ითვლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო ადგილებში მოწევა მკაცრად აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი დედაქალაქზეც ვრცელდება, აქ თვლიან, რომ ეს დამღუპველი ჩვეულება ყველასთვის წმინდა არჩევანია და ბევრი ადამიანი ამ აკრძალვას უგულებელყოფს. მაგრამ ჩვენ მაინც არ გირჩევთ სიგარეტით ხელში გამოჩნდეთ ტრანსპორტის გაჩერებებსა და ღირსშესანიშნაობების მახლობლად – ბერლინის პოლიციას არ სძინავს.