სს „თელასმა” ქვესადგურში „აეროპორტი” რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების პროექტი დაასრულა.

კომპანიის ცნობით, ელექტრომომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2024-2028 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სს „თელასმა” ქვესადგურში „აეროპორტი” რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების პროექტი განახორციელა.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები ჩატარდა 35 კვ ძაბვის ღია გამანაწილებელ მოწყობილობებზე და ქვესადგურის ოპერატიული მართვის პუნქტში.

ტექნიკურად მოძველებული მაღალი ძაბვის ზეთსავსე გამანაწილებელი მოწყობილობების და საკომუტაციო აპარატების ნაცვლად დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე, ვაკუუმური ტიპის მოწყობილობები დისტანციური მართვის შესაძლებლობით. ახალი მოწყობილობები მაღალი საიმედოობით და ეკოლოგიურობით გამოირჩევა.

ასევე სრულად შეიცვალა ქვესადგურის ოპერატიული მართვის პუნქტი. ძველი ელექტრო-მექანიკური მართვისა და დაცვის სარელეო მზომი მოწყობილობები ჩანაცვლდა თანამედროვე მიკროპროცესორული ციფრული ტერმინალებით, რაც ქვესადგურის ოპერატიული მართვის ხარისხს აუმჯობესებს. პროექტის ღირებულებამ 2 150 000 ლარი შეადგინა.

„პროექტის მეშვეობით მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა 3 500-ზე მეტი აბონენტის, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვანი ობიექტების, როგორებიცაა: თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, „საქაერონავიგაცია”, რკინიგზა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ასევე აეროპორტის დასახლება. ამასთანავე ტექნიკური პერსონალისათვის სამუშაო ადგილზე ეკოლოგიური და შრომის დაცვის უსაფრთხოების პირობები გაუმჯობესდა” – განაცხადა სს „თელასის” გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.