ახალი გაიდლაინებისა და წესების შემოღებასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან  გაიმართა.  

 მარიამ ქვრივიშვილმა  გასტრონომიული ტურიზმის  ბიზნესში მოღვაწე სხვადასხვა ასოციაციების, კულინართა ფედერაციის და  შეფ-მზარეულთა  წარმომადგენლებთან ერთად  კვების ობიექტებისათვის შემუშავებული ახალი რეგულაციები დეტალურად  განიხილა. ონლაინ ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში  ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

საქმიანი ფორმატის სამუშაო შეხვედრაზე მოხდა ორივე მხარეს შორის მოსაზრებების გაცვლა,საკითხის გარშემო მიღებულ იქნა უკუკავშირი  კერძო სექტორისგან. ტურიზმის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან ერთად მოხდეს რეგულაციების შემუშავება რათა ორივე მხარის პოზიციები იყოს გათვალისწინებული გაიდლაინების დამტკიცებამდე. შეხვედრაზე მსჯელობა შედგა რესტორნებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებში სოციალური დისტანცირების საკითხზე,  კვების და დასუფთავების ახალ რეგულაციებზე,  სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ახალ ნორმებზე.   

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს სამუშაო რეჟიმში აქტიური ჩართულობისთვის და რეგულაციების შემუშავებისას შეტანილი ღირებული წვლილისთვის!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და პირდაპირი დიალოგი იმისთვის რომ ახალი რეგულაციები იყოს მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის აღსრულებადი და ამავდროულად უსაფრთხოების გარანტი.

რეგულაციები გასაჯაროვდება მომდევნო კვირაში ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სამინისტროს საბოლოო დასტურის შემდგომ.მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებს, სურსათის უვნებლობასა და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს ტურიზმის ინდუსტრიის პოზიციების გათვალისწინებისთვის.გრძელდება თემატური სამუშაო შეხვედრები ტურიზმის სხვადასხვა დარგებთან.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ანალოგიური შინაარსის სამუშაო ფორმატის შეხვედრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორთან გამართა.