მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ  დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს, – ამის შესახებ ნათქვამია UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაციაში, რომელიც 112-ე სხდომის ფარგლებში მიიღეს.

აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაცია UNWTO-ის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღეს პირადად გადასცა.

დეკლარაცია, რომლის მთავარი მიზანია მსოფლიოში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებთან ერთად, არსებული გამოწვევების დაძლევის გზებსა და სამომავლო გეგმებსაც მოიცავს. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული COVID-19-თან ბრძოლის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

„დიდად ვაფასებთ და გულწრფელად ვუხდით მადლობას საქართველოს მთავრობას გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს საზეიმო სხდომის მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც  პანდემიის შემდეგ იმართება და საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის შეგრძნების შესაძლებლობას გვაძლევს. მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ  დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს“, – ნათქვამია UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაციაში.

UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში პირველი უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა, საქართველო 16-17 სექტემბერს მასპინძლობს. სხდომა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნეს. ღონისძიების დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.