პარტია “ევროპული საქართველოს“  წევრი და ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად ჩამოყალიბების კონცეფციის ავტორი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია  Ryanair-თან

კონტრაქტის გაფორმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოხარულია Ryanair-ის საქართველოში შემოსვლით, თუნდაც 6 წლის დაგვიანებით, რაც ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით მთავრობის უმოქმედობის გამო მოხდა.
„მივესალმებით დაბალბიუჯეტიანი ავიაციის ფლაგმანის, ავიაკომპანია Ryanair-თან კონტრაქტის, თუნდაც ექვსი წლის დაგვიანებით გაფორმებას. საზოგადოებას ახსოვს, რომ ქუთაისის აეროპორტის რეკონტრუქცია – რაც ქართული ოცნების მთავრობამ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა – სწორედ Ryanair-თვის მოხდა, რომელსაც ფრენა 2013 წლიდან უნდა დაეწყო.

ქუთაისის აეროპორტი, რომლმაც ფრენა მრავალი ჩვენი თანამოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახადა და ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი ხეირი მოუტანა დაგეგმილ სიმძლავრეს – წელიწადში ორ მილიონ მგზავრს – ბევრად ჩამორჩება. იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი დაარწმუნებს მთავრობას, რომ რესურსები და ძალისხმევა არა ოკუპანტი ქვეყნიდან დაბალი გადახდის უნარის მქონე ტურისტების და ამ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდაზე უნდა დაიხარჯოს, არამედ ევროკავშირიდან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტების შემოდინებაზე რა საქმეშიც თვისობრივი ნახტომის გაკეთება Ryanair-ის გარეშე წარმოუდგენელია,“ განაცხადა კანდელაკმა.

მან ასევე დასძინა რომ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოებს, რის გარეშეც ახალი რეისების დამატება შეუძლებელია, ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს და იმედი გამოთქვა, რომ აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე უახლოეს მომავალში გავა.

„ქუთაისის აეროპორტის დაგეგმილ სიმძლავრეზე გასვლა ნიშნავს არა მხოლოდ რუსეთზე ტურიზმში დამოკიდებულების სრულიად განეიტრალებას, არამედ საქართველოს და პირველ რიგში დასავლეთ საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზულ ნახტომს,“ – განაცხადა კანდელაკმა.