ყველაზე მეტად, ვინც რუსეთიდან ფრენების შეჩერების შემდეგ დაზარალდა, არის კახეთი მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს ღვინის ტურიზმთან, – ამის შესახებ სასტუმრო და ღვინის მარანი „არგეს“ მფლობელმა ნინო პაპუნაშვილმა განაცხადა,.
მისი თქმით, სასტუმროში ჯავშნების უმრავლესობა გაუქმდა, ვინაიდან ტურისტების უმრავლესობა რუსები იყვნენ.
„საბოლოოდ დავრჩით ჰაერში, ჩაგვივარდა ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. ეს იმ დროს, როცა სასტუმრო კრედიტით გვაქვს აშენებული და საუბარია 2 მილიონ ლარზე. ყოველივე ამის ფონზე, მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, აღმოუჩინონ ავიაკომპანიებს ფინანსური მხარდაჭერა მეტი რუსი ტურისტის შემოყვანის მიზნით. ვფიქრობ, მთავრობა უბრალოდ ცდილობს, რომ კერძო სექტორს, მათ, ვინც ჩემნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხელი შეუწყოს. სიმართლე გითხრათ, ჩვენი მხრიდან იყო პირადად მოთხოვნა ტურიზმის ადმინისტრაციის და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომ გამოგვენახა რაღაც გზები, თუნდაც ერთობლივი გადაწყვეტილებით და არა მხოლოდ მათი ჩარევით, რომ როგორმე დაგვებრუნებინა რუსი ტურისტები საქართველოში, ვინაიდან დავრჩით ჰაერში“, – აღნიშნავს ნინო პაპუნაშვილი.
მისივე თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, რადგან სასტუმრო ოთხი სეზონის განმავლობაში ჰქონდა დატვირთული, თუმცა ახლა ჯავშნები უქმდება.
როგორც სასტუმრო „არგეს“ მფლობელი აღნიშნავს, რეალურად ამ ეტაპზე აღარ არსებობს გარანტია, სასტუმრო იმუშავებს თუ არა ზამთრის სეზონში.
ამ შემთხვევაში, ამ ამბის შემდეგ დავრჩით რეალურად შემოსავლის გარეშე და რეალურად აღარ გვაქვს ის გარანტია, სასტუმრო იმუშავებს თუ არა ზამთრის სეზონზე.
„თვითონ ის  ტურისტულები, ვინც პირდაპირ ჯავშნიდნენ, ითხოვენ, რომ გამოვნახოთ რაიმე გზა, საქართველოში რუსი ტურისტების შემოყვანის. ამიტომ, ვფიქრობ, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკურია“, – განაცხადა ნინო პაპუნაშვილმა.