მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმ 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელთა მოქალაქეებიც ირანში FlyUIA-ს თვითმფრინავის ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
“14-16 თებერვალს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იგეგმება იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა, რომლის მოქალაქეებიც ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ”, განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ,რომ რამდენიმე დღის უკან უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანმა დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 80 ათასი დოლარის გადახდა შესთავაზა, რასაც უკრაინული მხარე არ ეთანხმება და კომპენსაციის გაზრდას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 8 იანვარს თეირანის საერთაშორისო აეროპორტთან უკრაინული ავიახაზების FlyUIA-ის კუთვნილი Boeing-ის ჩამოგდებას 176 ადამიანი ემსხვერპლა. ბორტზე კანადის 63, ირანის 82, უკრაინის 11, შვედეთის 10, ავღანეთის ოთხი, გერმანიის სამი და ბრიტანეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდა. თვითმფრინავი თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს.