ახალი ბიზნეს-დარბაზები, დასვენებისა და გასართობი ზონები – ჩიკაგოს ო’ჰარას აეროპორტი მგზავრებისთვის დროის სასიამოვნოდ გასატარებელ ადგილად გარდაიქმნება.

ჩიკაგოს ო’ჰარას აეროპორტი დიდი ხანია, რაც მგზავრებს გრძელ რიგებთან და მოძველებულ ინფრასტრუქტურასთან ასოცირდება. ქალაქი მის იმიჯს ცვლის: უახლოეს წლებში აეროპორტს მასშტაბური მოდერნიზაცია ელოდება, მილიარდობით დოლარის ინვესტიციით. ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაიკლ მაკმარიმ, გეგმები წარმოადგინა, რომელიც 110-ზე მეტ საკონცესიო შეთანხმებას მოიცავს.

ჩვეული სერვისების ნაცვლად, აეროპორტში გაჩნდება ახალი ლაუნჯები, დასასვენებელი ზონები, საოჯახო სათამაშო მოედნები, დამტენი სადგურები და გასართობი ადგილებიც კი, მათ შორის მინი-გოლფი და ვირტუალური დრაივინგ-რეინჯი. ასევე იგეგმება საძილე და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრებისთვის განკუთვნილი ოთახების მოწყობა.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურის გაფართოებას: ახლახან დაიწყო ახალი გასაფრენი დარბაზის (D) მშენებლობა. $730 მილიონიანი პროექტი 19 გასასვლელს, 30 ათასი კვადრატული მეტრის სავაჭრო და 20 ათასი კვადრატული მეტრის ლაუნჯების სივრცეს მოიცავს. მომავალში მათ ახალი საერთაშორისო ტერმინალიც დაემატება, რომელიც არქიტექტორ ჟანა გენგის ბიურომ დააპროექტა.

ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს, რომ ჩიკაგო აეროპორტის „მეორე ლას-ვეგასად“ გადაქცევას არ აპირებს. ერთადერთი, რაც აეროპორტში ნამდვილად არ იქნება, სათამაშო აპარატებია. „ჩვენ არ ვართ კაზინო. ჩვენი პრიორიტეტი მოგზაურობაა“, – განაცხადა მაკმარიმ.