„მიმინოს“ აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების განხორციელებით უცხოელი ინვესტორი დაინტერესდა, – ამის შესახებ bm.ge-ის საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ განუცხადა.
სწორედ საავიაციო უნივერსიტეტის ბაზაზეა თელავის აეროპორტი, რომელიც სამომავლოდ საერთაშორისო ფრენების დაწყებას განიხილავს.
როგორც ტეფნაძე განმარტავს, უკვე არსებობს სიტყვიერი შეთანხმება, თუმცა საბოლოო თანამშრომლობის გაფორმებას დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება. სწორედ ერთ კვირაში ელოდებიან უცხოელ ინვესტორს საქართველოში.
როგორც სერგო ტეფნაძე აცხადებს, ინვესტორთან მოლაპარაკებებში მათთან ერთად სახელმწიფოც არის ჩართული.
ინვესტორმა აეროპორტის საერთაშორისო სტანდრატებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა უზრუნველყოფს. მათ შორის უნდა მოხდეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გაგრძელება და არსებულის ახლით ჩანაცვლება. საერთო ჯამში კი, აეროპორტის მოდერნიზაციას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება.
ოფიციალურ შეთანხმებამდე მეტი დეტალი ამ ეტაპზე უცნობია.
გარდა ამისა, სახელმწიფო „მიმინოდან“ შიდა ფრენების სუბსიდირებასაც განიხილავს. ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.
„მომავალში, შესაძლოა, ჩვენი დახმარებით მოხდეს შიდა რეისების, ანუ მაგალითად თელავიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების სუბსიდირება. თუმცა, აეროპორტი დღეს ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას საჭიროებს, მათ შორის ასაფრენ დასაფრენი ზოლის მიმართულებით. ეს არის კერძო აეროპორტი, თუმცა კონკრეტული ხედვა მეპატრონისგან, თუ როგორი უნდა იყოს ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან, ან როგორ უნდა განვითარდეს ის, არ არის განსაზღვრული, ხოლო სამუშაო შევედრები ჯერ კიდევ იმართება“ – განაცხადა საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ხელმძღვანელმა.
წყარო: BM.ge