მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საქართველოს აეროპორტებში კვირაში 400-ზე მეტი რეისი შესრულდება, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ვებინარზე “სანქციების პრაქტიკული ანალიზი და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები” გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანამ მოახერხა და 2019 წლის ტურისტული ნაკადების 50%-ზე მეტი უკვე დაიბრუნა.
“აქტიური მუშაობის შედეგად მოვიზიდეთ სხვადასხვა ავიაკომპანია, ტურისტული მიმართულებებიდან. მოვახერხეთ არსებული ტურისტული ბაზების მეტნაკლებად კომპენსირება, ეს არის ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნები. ეს არის დამატებითი რეისები აქ ქვეყნებთან. გეტყვით, რომ ახლა შევდივართ აქტიურ ტურისტულ სეზონში. 2019 წელთან შედარებით 50%-ზე მეტით უკვე მოვახდინეთ ტურისტული ნაკადების აღდგენა, რაც თანხაში 70%-ზე მეტია. ეს არის ის რასაც წლის დასაწყისშიც ვგეგმავდით და 400-ზე მეტი ფრენა იქნება კვირის განმავლობაში. ეს პიკია, ამდენი ადრე არ გვქონია. მოვახერხეთ ასევე ალტერნატიული ტურისტული ნაკადების მოზიდვაც”, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.