მიმდინარე წელი საკმაოდ დამაიმედებლად დაიწყო, – აცხადებს ტურისტული კომპანია „დისქავერ ჯორჯიას“ დირექტორის ნინა კეკელიძე, რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ტურისტული ნაკადების შემოდინება შეაფასა და განაცხადა, რომ მიმდინარე მაჩვენებლების გათვალისწინებით ზაფხულის ტურისტული სეზონი ტურისტულად უფრო დატვირთული იქნება.
„გვქონდა მზარდი ტენდენციები ევროპის და აზიის მიმართულებებიდან. გვყავდა ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები. რაც შეეხება ზაფხულის ტურისტულ სეზონს, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი იქნება, გათვალისწინებით იქიდან, რომ ავიაცია ლიდერობს და ბევრი პირდაპირი ფრენა არის დანიშნული ევროპის და აზიის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ნინა კეკელიძემ.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938,644 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა +6.4%-ს შეადგენს.
იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემის 80.4% აღდგენაა.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.