თვითმფრინავის სავარძლების მწარმოებელმა, იტალიურმა კომპანია Aviointeriors-მა სავარძლების ახალი დიზაინი წარმოადგინა, რომლის საფუძველზეც მგზავრთა შორის სავალდებულო დისტანცია უპირობოდ იქნება დაცული.
სავარძლების ახლებურმა განლაგებამ უკვე მიიღო სახელწოდება Janus-ი, რომაული მითოლოგიიდან ორსახანი ღმერთის საპატივცემულოდ. მისი ორი სახე საპირისპირო მიმართულებით იყურება, რაც ახალი დიზაინის მთავარი იდეა გახდა.
კონცეფციის თანახმად, მგზავრები 3 სავარძლიდან ორი ერთმხარეს, ხოლო შუა, ერთიც საპირისპირო მხარეს დაჯდება. ეს კი რისკების შესამცირებად მგზავრებს შორის დისტანციას გაზრდის. ასევე დამატებითი დაცულობისთვის მგზავრები ერთმანეთისგან გამოყოფილი იქნებიან გამჭირვალე ეკრანებით, რაც თითოეულ მგზავრს ინდივიდუალურ სივრცეს შეუქმნის.
იტალიურმა მწარმოებელმა წარმოადგინა ასევე სავარძლების განლაგების კონცეფცია – Glassafe. ეს კონცეფცია, წინა კონცეფციის მსგავსად სავარძლების გამოყოფას ითვალისწინებს. თითოეული მგზავრი ზის იზოლირებულად და სხვა მგზავრთან შემხებლობა არ აქვს.
დღეისათვის სოციალური დისტანციის დასაცავად ავიაკომპანიებს შუა სავარძლების დაბლოკვას ურჩევენ. რაც თავის მხრივ ავიაკომპანიას შეუმცირებს მგზავრთნაკადს და ასევე თითოეული მგზავრის ტრანსპორტირების ხარჯებს ზრდის.
Aviointeriors-ი ევროპაში თვითმფრინავის სავარძლების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიამ იმუშავა ისეთ ავიაკომპანიებთან როგორებიცაა El Al, Aegean Airlines-ი, United Airlines-ი, TAP Portugal-ი და სხვა.
რამდენიმე წლის უკან ამ კომპანიამ, უფრო მეტი მგზავრის ტრანსპორტირებისთვის ისეთი კონცეფცია წარმოადგინა, რომლის მეშვეობითაც მგზავრს თითქმის ფეხზე მდგომს უწევდა მგზავრობა.