ყველა მგზავრი, რომელიც გერმანიაში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მქონე ქვეყნებიდან ჩადის,  აეროპორტებში COVID-19-ზე ტესტს გაიკეთებს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ფედერალური მიწების ჯანდაცვის მინისტრებმა მიიღო.

გერმანიის აეროპორტებში მგზავრებისთვის ტესტირება უფასო იქნება. იგივე სქემა იმოქმედებს საზღვაო პორტებშიც. თუმცა როდიდან ამოქმედდება აღნიშნული სისტემა მთავრობას კონკრეტულ თარიღზე განცხადება არ გაუკეთებია. 

ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან მოგზაურებს საშუალება ექნებათ, დაბრუნებიდან 72 საათში, ტესტირება უფასოდ ჩაიტარონ.  “მაგრამ არა აეროპორტებში, არამედ სამედიცინო დაწესებულებებში და ლაბორატორიებში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ბერლინის ჯანმრთელობის სენატორმა დილეკ კალაიჩმა.

”ინფექციის ამჟამინდელი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის შუაგულში ვიმყოფებით. მოგზაურობის რაოდენობის ზრდა კი ზრდის რისკს, რომ უფრო მეტი ინფიცირებული ადამიანი დაბრუნდეს გერმანიაში”- განაცხადა ჯანდაცვის ფედერალურმა მინისტრმა იენს სპანმა.

ყველას, ვინც გერმანიაში “საშიში ქვეყნებიდან” ბრუნდება, უნდა შეავსოს სპეციალური ბარათები პერსონალური ინფორმაციით, რომელსაც შეამოწმებენ სელექციურად.

შეგახსენებთ, რომ დღეს არსებული რეგულაციით COVID-19-ის გაზრდილი რისკის მქონე ქვეყნებიდან გერმანიაში დაბრუნებულმა მოგზაურებმა უნდა წარმოადგინონ უარყოფითი ტესტი ან 14 დღე მოთავსდნენ კარანტინში.