ავიაკომპანია EasyJet-ის Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც ნიცა-პარიზის რეისს ასრულებდა, ლიონის აეროპორტში გადამისამართდა, მას შემდეგ, რაც შუა ფრენისას ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის გატაცება სცადა.
ფრენის დროს, მაისურის გარეშე მჯდომი ერთ-ერთი მგზავრი მოულოდნელად წამოდგა, ყვირილი დაიწყო და პილოტების კაბინაში ძალადობრივი მეთოდებით შეღწევას შეეცადა. მოწმეების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრმა აგრესიულ მგზავრს პილოტებთან შეღწევაში ხელი შეუშალა, თუმცა წელს ზემოთ შიშველმა პირმა მუქარა განაგრძო.
„ის ძალიან საშიში იყო, ყველას აშინებდა. ყველას მოგვიწოდებდა, გვეზრუნა საკუთარ სიცოცხლეზე“, – ყვებიან თვითმხილველები.
ეკიპაჟმა დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება უახლოეს აეროპორტში დაშვების შესახებ და თვითმფრინავი ცოტა ხანში ლიონის სენტ ეგზიუპერის აეროპორტში დაჯდა. საჰაერო ხომალდს აეროპორტში პოლიცია დახვდა. მგზავრები ლიონის აეროპორტში ჩამოსვეს და ფრენა პარიზის ორლის აეროპორტის მიმართულებით მოგვიანებით შესრულდა.