ხშირად გვავიწყდება, რომ ბორტგამცილებლები მხოლოდ სასმელებისა და საკვების მომწოდებლები არ არიან — ისინი, პირველ რიგში, უსაფრთხოების პროფესიონალები არიან, რომლებიც 11 000 მეტრის სიმაღლეზე ჩვენს სიცოცხლეზე აგებენ პასუხს. გამოცემა Travel + Leisure-მა გამოკითხა ეკიპაჟის წევრები და შეადგინა იმ ქმედებების სია, რომლებიც მათ მუშაობაში ხელს უშლით.
აი, 10 რამ, რასაც მომავალ ფრენაზე უნდა მოერიდოთ:
1. შეხება ნებართვის გარეშე
ეს ნომერ პირველი პრობლემაა. “ნუ შეგვეხებით, ნუ დაგვიწყებთ თითის კვრას ან ხელზე ხელის მოკიდებას ყურადღების მისაქცევად. ჩვენ გვაქვს სახელობითი ბეიჯები, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები ‘უკაცრავად’ ან ‘მადამ'”, — ამბობს ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი.
2. წყლის მოთხოვნა ჩასხდომისას
ჩასხდომა ფრენის ყველაზე ქაოსური ნაწილია. ამ დროს ეკიპაჟი უსაფრთხოების უამრავ პროცედურას გადის. თუ წამლის დასალევად წყალი გჭირდებათ, სჯობს ის აეროპორტშივე შეიძინოთ და ბორტზე მზადყოფნაში გქონდეთ.
3. ტუალეტში წასვლა შეუფერებელ დროს
როდესაც ბორტგამცილებლები ვიწრო გასასვლელში საკვების ურიკით მოძრაობენ, მათთვის დიდი დისკომფორტია მგზავრი, რომელიც ამ დროს ტუალეტში გასვლას ცდილობს. ეს არამხოლოდ აფერხებს სერვისს, არამედ ფიზიკურადაც რთული ასარიდებელია.
4. გამოძახების ღილაკის ხშირი გამოყენება
გამოიყენეთ ეს ღილაკი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. თუ ხედავთ, რომ ეკიპაჟი თქვენგან რამდენიმე რიგის დაშორებით სერვისს ასრულებს, უბრალოდ დაელოდეთ — ისინი მალე თქვენთანაც მოვლენ.
5. კითხვები გადაჯდომის (Connecting Flight) შესახებ
ბორტგამცილებლებმა იციან ზუსტად იმდენივე, რამდენიც თქვენ. მათ არ შეუძლიათ სხვა რეისის შეჩერება ან თქვენი შემდეგი ფრენის დეტალების დაზუსტება.
6. საკვების მოთხოვნა სერვისის დასრულების შემდეგ
თუ სადილის დროს გეძინათ ან უბრალოდ არ გშიოდათ, გაითვალისწინეთ, რომ სერვისის დასრულების შემდეგ სამზარეულო იკეტება და ეკიპაჟს სხვა საქმეები აქვს.
7. მძიმე ჩანთების აწევის თხოვნა
ბორტგამცილებლებს არ ევალებათ თქვენი მძიმე ბარგის ზედა სათავსოში შედგამა. ეს ხშირად ხდება მათი ტრავმების მიზეზი. წესი მარტივია: თუ ჩანთა თქვენთვის ზედმეტად მძიმეა, ის ჩასაბარებელ ბარგში უნდა მოათავსოთ.
8. ვარჯიში და გაჭიმვა გასასვლელში
გასაგებია, რომ ხანგრძლივი ფრენისას მოძრაობა გჭირდებათ, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას იქ, სადაც ეკიპაჟი მუშაობს. ნუ შექმნით დაბრკოლებას მათ სამუშაო სივრცეში.
9. ფრჩხილების მოწესრიგება
დაუჯერებელია, მაგრამ მგზავრები ხშირად იჭრიან ან იქლიბავენ ფრჩხილებს თვითმფრინავში. ეს ჰიგიენურად გაუმართლებელია და გარშემომყოფებისთვის ძალზედ გამაღიზიანებელია.
10. მადლობის ართქმა
“ხშირად მგზავრები მადლობას მხოლოდ პილოტს ეუბნებიან, ჩვენ კი ყურადღებასაც არ გვაქცევენ. ეს შეურაცხმყოფელია,” — აღნიშნავს ერთ-ერთი სტიუარდესა. ელემენტარული თავაზიანობა — თვალებში შეხედვა და “გმადლობთ” — მათ მძიმე სამუშაო დღეს ბევრად ამსუბუქებს.












