თურქეთი მრავალი ულამაზესი მღვიმით არის ცნობილი. აქ  დაახლოებით 40 000 მღვიმეა, საიდანაც 1100 სრულად იქნა გამოკვლეული მეცნიერების მიერ. ამ იდუმალ მიწისქვეშა სამყაროში შესვლისას შეუძლებელია თავი არ იგრძნოთ ფილმებში. დღეს გაგაცნობთ თურქეთის ექვს  ყველაზე დიდებულ  გამოქვაბულს.

ალთინბეშიქის მღვიმე (Altınbeşik Cave)
ალთინბეშიქის მღვიმე ანტალიის იბრადის რაიონში მდებარეობს. მღვიმეში ნავით  შეძლებთ შესვლას, რადგან  თურქეთის უდიდესი მიწისქვეშა ტბა სწორედაც რომ ამ მღვიმეში მდებარეობს. თქვენს წინაშე გაიშლება ულამაზესი ფირუზისფერი წყლები, სადაც ნავით შეძლებთ სეირნობას და მღვიმის სრულად მონახულებას.
ალთინბეშიქის მღვიმის ჭერის სიმაღლე ზოგიერთ ადგილზე  50 მეტრს აღწევს. მღვიმე, რომელშიც დომინირებს ყვითელი ფერი, მასში შემავალი მინერალების გამო შეგიქმნით წარმოდგენას, რომ თითქოს თქვენ სამოთხეში იმყოფებით.  იგი სამსართულიანია, მაგრამ დღეს მხოლოდ პირველი სართულის მონახულებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულის მეორე სართულზე მრავალი სხვადასხვა ზომის მიწისქვეშა ტბაა. ზამთრის სეზონზე ნალექის მატებასთან ერთად მღვიმე მთლიანად  ივსება წყლით.
ალთინბეშიქის მღვიმე მდებარეობს ალთინბეშიქის ეროვნულ პარკში, სადაც  მრავალი მცენარის ენდემური სახეობაა.

 დამლათაშის მღვიმე (Damlataş Cave)
ანტალიაში  ალანიას რაიონში მდებარეობს დამლათაშის გამოქვაბული. ეს არის მღვიმე, რომელიც ტურისტებისთვის  პირველად გაიხსნა ქვეყანაში. როგორც ექსპერტები ამბობენ, იგი თურქეთში თხუთმეტი ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა. მღვიმე ჟანგბადის დიდი რაოდენობითა და ტენიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამიტომ, ითვლება, რომ ეს ტერიტორია კარგია რესპირატორული დაავადებების, განსაკუთრებით ასთმის მქონე ადამიანებისთვის.

კარაინის მღვიმე, ანტალია (Karain Cave)
კარაინი, რომელიც მდებარეობს ანტალიაში ზღვის დონიდან 430-450 მეტრზე, ითვლება თურქეთის უდიდეს და ბუნებრივად წარმოქმნილ მღვიმედ. ეს არის ადგილი, სადაც ნახავთ ფლორისა და ფაუნის მრავალ სახეობასა და უძველესი ადამიანების ნაშთებს. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაშია  შეყვანილი. აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს  იარაღები, მძივები და ცხოველთა ნაშთები, რომლებიცაა მაგალითად,  სპილოები, მარტორქები და სხვ. ვისაც აინტერესებს, სად ცხოვრობდნენ თურქთა წინაპრები ხუთასი ათასი წლის წინ, აუცილებლად უნდა ეწვიოს კარაინის საოცარ გამოქვაბულს

ბალიკას მღვიმე (Ballıca Cave )
ბალიკას მღვიმე, რომელიც 3,5 მილიონი წლით თარიღდება, საკმაოდ პოპულარულ  ღირსშესანიშნაობად ითვლება შავი ზღვის რეგიონში. გამოქვაბული მოიცავს  სტალაქტიტებს, სტალაგმიტებსა და ტრავერტინებს.      მღვიმეში არის რვა დარბაზი, რომლებიც მნახველებისთვის ღიაა. იგი ჰგავს მოგზაურობას, რომელიც ყოველ ნაბიჯზე აოცებს და აღაფრთოვანებს ტურისტებს. 2019 წელს იგი  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიას დაემატა.  მღვიმეს ასევე იყენებენ სამკურნალო მიზნითაც. ძირითადად იგი განკუთვნილია ასთმის მქონე ადამიანებისთვის.

ქარაჯას მღვიმე (Karaca Cave)
ქარაჯას მღვიმე საკმაოდ პოპულარული ღირსშესანიშნაობაა  თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ულამაზეს ქალაქ გუმუშჰანეში. მღვიმე მოიცავს მომხიბვლელ სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, ტრავერტინებს, გამოქვაბულის მარგალიტებს, სპილოს ყურებს, ტრავერტინის აუზებს  და სხვ. ეს ყველაფერი ქმნის საოცრად ლამაზ გარემოს.

დუპნისას მღვიმე (Dupnisa Cave)
დუპნისა  თრაკიის პირველი და ერთადერთი ტურისტული მღვიმეა, სადაც ყოველწლიურად ათიათასობით ტურისტი ჩამოდის.  იგი შედგება ორი სართულისგან. სტრუქტურის ზედა ნაწილი, რომელიც დაახლოებით ოთხი მილიონი წლის განმავლობაში ვითარდებოდა, მოიცავს ქურუს და ქიზის გამოქვაბულებს, ხოლო ქვედა სართულზე სტუმრებს  სულუს მღვიმე დახვდებათ. დუპნისაში ჭარბობს თეთრი და წითელი ფერები, რომელიც შთამბეჭდავ გარემოს ქმნის მღვიმეში.  ასევე აქ ნახავთ უამრავ სტალაქტიდებს, სტალაგმიტებს, ტრავერტინებსა და სვეტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოქვაბულში ცხოვრობს 11 სხვადასხვა ღამურის სახეობა. სწორედ ამიტომ მღვიმეში  გარკვეული ადგილები ვიზიტორებისთვის დაკეტილია 15 ნოემბრიდან 15 მაისამდე, რათა ღამურებს გამრავლების საშუალება მიეცეთ.