მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს 10 წელი შეუსრულდა. ეს დღე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა. ოპერირების მიმართულებით კომპანიის დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ მესტიის აეროპორტის თანამშრომლებს წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
“თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ აეროპორტის ისტორიას და სწორედ თქვენ მოიტანეთ მესტიის აეროპორტი დღემდე. მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს იმ პატრიოტიზმისთვის, რომელსაც ამ რთულ პირობებში ჩვენი აეროპორტისთვის, თითოეული მგზავრისთვის და ქვეყნის საკეთილდღეოდ აკეთებთ”,- განაცხადა ლევან ცხადაძემ.
შიდა ტურიზმის და კონკრეტულად, სვანეთის მხარის განვითარებაში მესტიის აეროპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 10 წლის განმავლობაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტით 45 ათასამდე მგზავრმა ისარგებლა.
“ჩვენი აეროპორტის დახმარებით სვანეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი გამარტივდა. 10 წლის წინ ამ ადგილზე აეროპორტის გახსნამ სვანეთს, რომელიც გეოგრაფიულად საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი მხარეა, ახალი დატვირთვა შესძინა – მთა და ბარი ერთმანეთს დააკავშირა და ადამიანებს დროის დაზოგვაში დაეხმარა. ჩვენი აეროპორტით საქართველოში ჩამოსულმა არაერთმა ტურისტმა ისარგებლა. ამიტომ, ტურიზმის განვითარებისთვის და პირველ რიგში ადგილობრივებისთვის მესტიის აეროპორტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს”,- განაცხადა ლევან ცხადაძემ.
სვანეთში მოხვედრა ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის აეროპორტამდე სულ რაღაც 50 წუთში, ქუთაისის აეროპორტიდან კი 30 წუთშია შესაძლებელი. აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების ხელოვნური საფარის ტიპის ცემენტ-ბეტონის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სიგრზე 1200 მეტრია. აეროპორტს სამი სამიმოსვლო ბილიკი აქვს. რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივ აეროპორტს მხოლოდ მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მიღება შეუძლია.