გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის „Best Tourism Villages by UNWTO“ -ის ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა. აღსანიშნავია, რომ მესტია შერჩეულ იქნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილის აპლიკაციას შორის, რაც უდიდეს მიღწევას წარმოადგენს.
„Best Tourism Villages by UNWTO“ -ის პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულის სტატუსი ენიჭება გამორჩეული დანიშნულების ადგილების მქონე ლოკაციებს; მიმართულებას, სადაც სანიმუშოდ ვითარდება სოფლის ტურიზმი, გააჩნია აღიარებული კულტურული და ბუნებრივი რესურსები და ამასთანავე აქტიურად და ეფექტიანად ხდება ადგილობრივი საზოგადოების ძირითად ღირებულებებზე და ცხოვრების წესზე დაფუძნებული ინტერესების და საჭიროებების უზრუნველყოფა. „Best Tourism Villages by UNWTO“-ის ნომინაციაში გამარჯვებულ სოფლებს გააჩნია ტურიზმის მდგრადი განვითარების ნათელი ხედვა, რაც მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისკენ.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, პროექტში გამარჯვებულ მიმართულებას, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რათა ტურიზმი გახდეს მისი მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა, როგორც ეკონომიკური და სოციალური, ასევე ეკოლოგიური მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხდება მისი როგორც სოფლის ტურიზმის განვითარების დონით გამორჩეული დანიშნულების ადგილის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო ასპარეზზე.
პროექტის ფარგლებში, „Best Tourism Villages by UNWTO“-ის გამარჯვებულ ლოკაციას, ასევე ეძლევა შესაძლებლობა გახდეს სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით წამყვანი დანიშნულების ადგილების გლობალური ქსელის ნაწილი, რაც იძლევა კარგ საშუალებას მის წევრებს შორის მოხდეს საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარება.