თურქეთის უახლესი და პოპულარული ტურისტული მარშრუტი მესოპოტამიის ექსპრესი (Mesopotamia Express) არის მათთვის, ვისაც სურს, აღმოაჩინოს მესოპოტამიის კულტურული საგანძურები და ისიამოვნოს ანტიკური წარსულით. ამ მატარებლით მოგზაურობა განაკუთრებით სასიამოვნოა გაზაფხულზე, რადგან ამ დროს ყველაფერი გამწვანებული და აყვავებულია.
მარშრუტი იწყება დედაქალაქ ანკარადან და გრძელდება უძველეს ქალაქ დიარბაქირამდე. მარშრუტის სიგრძე შეადგენს 1051 კილომეტრს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მგზავრებს საშუალება ეძლევა დაათვალიერონ ანატოლიის ძველი საკულტო ქალაქები და იმოგზაურონ შორეულ წარსულში.
ანკარადან დიარბაქირამდე მგზავრობას სულ 24 საათი სჭირდება. მარშრუტის ფარგლებში მგზავრები გადიან ქალაქ ქაისერს, სივასს, ელაზიღსა და ბინგოლს. იგი მოიცავს სამსაათიან შესვენებებს ქაისერსა და მალათიაში და ოთხსაათიან გაჩერებას ელაზიღში, რაც სტუმრებს აძლევს საშუალებას, კარგად შეისწავლონ ქალაქის არქიტექტურა და მისი ღირსშესანიშნაობები. მატარებელი, რომელიც სულ 180 მგზავრზეა გათვლილი, შედგება 9 ადგილიანი ვაგონებისგან, აგრეთვე, ერთი ვაგონისგან, რომელშიც შედის მაცივარი, კარადები, ასევე საპირფარეშო და სხვ.
უნიკალური მარშრუტი ანატოლიის კულტურულ მარშრუტებზე
კაისერი კულტურული ღირსშესანიშნაობებით სავსე ერთ-ერთი საინტერესო ქალაქია. შუასაუკუნეების ციხესიმაგრეების გარდა, ქალაქის ცენტრში, ვიზიტორებს შეუძლიათ იხილონ სელჩუკთა პერიოდის კულტურული ადგილები, მაგალითად, სელჩუკთა ცივილიზაციის მუზეუმი, ასევე დიდი მეჩეთი და სხვ.
მალატია შეიძლება ითქვას, როგორც წარსულში, ისე ახლაც არის სავაჭრო და კულტურული გაცვლის გზაჯვარედინი მესოპოტამიასა და ანატოლიას შორის. აღსანიშნავია არსლანთეფეს ბორცვი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი, ასევე აქ არსებული ულუს მეჩეთი და სხვ.
ქალაქი ელაზიღი საუკუნეების მანძილზე იყო რწმენისა და კულტურის ცენტრი. ციხეები, ბაზრები, მეჩეთები და კულტურული აბანოები ამშვენებს ამ უძველეს ქალაქს. ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ასევე ჰარპუტის ციხე, ჰარპუტის დიდი მეჩეთი, ღვთისმშობლის ეკლესია და სხვ.
დიარბაქირი- მესოპოტამიის უძველესი ქალაქი
მესოპოტამიის ექსპრესი მთავრდება ქალაქ დიარბაქირში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი სახელი 33 სახეობის ცივილიზაციას უკავშირდება, რომლებმაც ანტიკურ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. აქ მრავალი განსახლების ვარიანტი არსებობს, მაგალითად, ჰასან ფაშას სასტუმრო , რომელზეც იქ ჩასული ტურისტების უმეტესობა აკეთებს არჩევანს. ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებია სულეიმანის სახელობის დიდი მეჩეთი, იჩქალეს არქეოლოგიური მუზეუმი, ზერზევანის ციხე და მითრას ტაძარი.