2018 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 985.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.2 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 0.7 პროცენტით აღემატება 2017 წლის მესამე კვარტლის შესაბამის მონაცემებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 583.2 ათასით განისაზღვრა, რაც 0.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
2018 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების 38 პროცენტი განხორციელდა 31-50 ასაკობრივი ჯგუფის ვიზიტორების მიერ. ამასთან, განხორციელებული ვიზიტების 57 პროცენტი მოდის ქალებზე.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ვიზიტორების 29.1 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 18.2 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
2018 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (47.0 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 281.4 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (206.9 ათასი ვიზიტი თვეში).
2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 191.9 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 3.0 პროცენტით ჩამორჩება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯის მოცულობას, შემცირებულია 3.7 პროცენტით და 160.7 ლარს უტოლდება.