უცხოური მედია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2025 წელს წარმოებული ალტერნატიული საავიაციო საწვავის მოცულობა გაიზრდება და 2 მილიონ მეტრულ ტონას მიაღწევს.

IATA-ს გენერალურმა დირექტორმა, ვილი უოლშმა, წარმოების ზრდა „წამახალისებელი“ უწოდა, თუმცა გააფრთხილა, რომ ეს მაჩვენებელი ავიაციის მდგრადი საწვავის მთლიანი მოთხოვნილების მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს.

„და ეს შედარებით მცირე რაოდენობაც კი გლობალურ საწვავის ხარჯებს 4.4 მილიარდ დოლარს დაამატებს“, – დასძინა მან.

მისი აზრით, წარმოების ზრდისა და ხარჯების შესამცირებლად მისი ეფექტურობის გაუმჯობესების ტემპი უნდა დაჩქარდეს.

IATA-მ ასევე გამოთვალა, რომ ალტერნატიული საავიაციო საწვავის საშუალო ღირებულება 2024 წელს რეაქტიული საწვავის საშუალო ღირებულებაზე 3.1-ჯერ მეტი იყო. 2025 წელს, ალტერნატიული საწვავის გლობალური საშუალო ღირებულება, სავარაუდოდ, ჩვეულებრივი საწვავის საშუალო ღირებულებაზე 4.2-ჯერ მეტი იქნება.

IATA ინიციატივით გამოდის, რომ მსოფლიოს მთავრობების მიერ წიაღისეული საწვავისთვის გამოყოფილი 1 ტრილიონი დოლარის სუბსიდიების ნაწილი გადამისამართდეს „მდგრადი საწვავის მწარმოებლების წინაშე არსებული კონკურენტული უთანასწორობის მოსაგვარებლად“.