2022 წლის მარტში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 20%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მარტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 367,951 ტონა შეადგინა, 2021 წლის მარტში კი 1 705,351 ტონა.
შესაბამისად კლება 19,78%-ია.
მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით ზრდა 10,72%-ა. 2020 წლის მარტში აეროპორტი 1 235,547 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2019 წლის მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2 051,226 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის მარტში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 33,31%-იანი კლება დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.